საქართველოს საპატრიარქო უკრაინაში, ბუჩაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„ვრცელდება უამრავი ვიდეო და ფოტომასალა უკრაინაში, ქალაქ ბუჩაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების ადგილიდან. მიუხედავად ომის სასტიკი „კანონებისა“, მსგავსი სიმძიმე, რომელიც კადრებში ჩანს, ძნელი წარმოსადგენია. ყოველივე ამის ხილვამ შეუძლებელია, ადამიანი სრულად არ შეძრას. გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ დიდი გულისტკივილი და მწუხარება იმ ტრაგედიის გამო, რომელიც უკრაინაში სამხედრო აგრესიის ვითარებაში ხდება, განსაკუთრებით მძიმეა მშვიდობიანი, უდანაშაულო მოსახლეობის მკვლელობის ხილვა. თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს და ვლოცულობთ მათთვის. დაე, უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულები, უკრაინასა და მთელ მსოფლიოს კი მომადლოს მშვიდობა!“ - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
უკრაინის ხელისუფლებისა და მედიის ცნობით, გათავისუფლებული ბუჩის ქუჩებში ათობით მოკლული მშვიდობიანი პირის ცხედრები აღმოაჩინეს.