„ეს განცხადება, რა თქმა უნდა, ყურადღებას იმსახურებს იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი თვალსაზრისით, შეფასებას მოითხოვს. შეფასებას მოითხოვს რამდენად კორექტული, სამართლიანი და არგუმენტირებული შეიძლება, იყოს. ყველა ამ თვალსაზრისით, ამ განცხადებას გარკვეული პრობლემა აქვს და ამის შესახებ ითქვა, მათ შორის საქართველოს მთავრობის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში, სადაც მკაფიოდ იყო არა უბრალოდ უარყოფილი, არამედ პრაქტიკულად გამორიცხულია, ასეთ ბრალდებებს რაიმე საფუძველი ჰქონდეს“, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
მისივე თქმით, უკრაინულმა მხარემ ინფორმაციასთან დაკავშირებით მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.
„რა მდგომარეობაშიც ახლა უკრაინა იმყოფება, ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით გარკვეულ სიფრთხილეს გვავალდებულებს და მეორე მხრივ, გვზღუდავს შესაძლებლობაში, რელევანტურად წარვმართოთ შემდგომი პროცესები ჭეშმარიტების დადგენის მიმართულებით. რაც შეეხება განცხადებას, რომ მტკიცებულებები გამოქვეყნდება, რა თქმა უნდა, გამოქვეყნდეს. მეტსაც გეტყვით, დაუშვებელი იყო მტკიცებულების გარეშე ასეთი განცხადების გაკეთება. მტკიცებულება თუ ვერ იქნება, მტკიცებულება უნდა ჩაანაცვლოს ბოდიშის მოხდამ. ამას ბოდიშის მნიშვნელობიდან გამომდინარე კი არ ვამბობ, უბრალოდ, მეტი სიცხადე შევა ამ შემთხვევაში, ურთიერთობებში, რაც ესოდენ მნიშვნელოვანი და აუცილებელია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.