„არავის აქვს უკრაინაში ჩასვლის პრობლემა. საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, დღესვე, ხვალვე, როცა პროტოკოლურად შეთანხმდება ეს საკითხი, რამდენიმე ადამიანი წავიდეს უკრაინაში და დამატებით გამოთქვას სამძიმარი“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ჩასვლა დამატებითი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია და ეს საკითხი უკრაინული მხარის პასუხზე იქნება დამოკიდებულ იმ წერილზე, რომელიც შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.
„პასუხი დღემდე არ მიგვიღია ჩვენი მეგობარი ქვეყნისგან, რატომ დაგვაბრალეს გადაუმოწმებლად, თითქოს საქართველო ამ ვითარებაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა ოკუპანტ რუსეთთან; რატომ დაგვაბრალეს ისეთი ამორალური რამ, რასაც იარაღის კონტრაბანდა ჰქვია; რატომ გაიწვიეს ელჩი, როდესაც საქართველოს მხარდაჭერა უპრეცედენტოა. საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უპრეცედენტო, შესაძლებლობების მაქსიმუმის ზღვარზე უჭერს მხარს უკრაინას და ამ ყველაფრის ფონზე რატომ განხორციელდება დემარში? ამ ყველაფერზე პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია და ამაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი. მას ასევე არ აქვს პრობლემა ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მდინარაძემ.
მან კომენტარი ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის ინიციატივაზეც გააკეთა რომელიც უკრაინაში საპარლამენტო ოპოზიციის ვიზიტის ორგანიზებით არის დაკავებული. მდინარაძემ მას მადლობა გადაუხადა, მაგრამ აღნიშნა, რომ თუ უკრაინაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და კითხვებზე პასუხების მიღების შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე ჩავლენ, „ქართულ ოცნებას“ ვიზიტის დაგეგმვაში ოპოზიციის დახმარება არ დასჭირდება.