logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ვინც შალვა პაპუაშვილს პირადად იცნობს, ძალიან კარგად იცის, რომ მას არასდროს სადმე ჩასვლის და საქართველოს სახელით პოზიციის დაფიქსირების პრობლემა არ ჰქონია
- +

12 აპრილი. 2022. 18:13

 

 

„ვინც შალვა პაპუაშვილს პირადად იცნობს, ძალიან კარგად იცის, რომ მას არასდროს არცერთ რთულ სიტუაციაში სადმე ჩასვლის და საქართველოს სახელით პოზიციის დაფიქსირების პრობლემა არ ჰქონია“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„ირაკლი კობახიძეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს იმ პოზიციებთან მიმართებაში, რომელიც მან გამოხატა უკრაინასთან დაკავშირებით. ეს საკითხები არ არის დღევანდელი. ეს პოლიტიკური თემები, რომლებზეც ირაკლი კობახიძე საუბრობდა, ჯერ კიდევ არჩევნებამდე არსებობდა. თუ დღეს ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამ საკითხებს დაუბრუნდა, ეს არის განპირობებული მხოლოდ იმით, რომ ისმის განცხადებები, რომლებიც ორმხრივი ურთიერთობებისთვის შეუფერებელი და დამაზიანებელი იყო. სრულიად სამართლიანია ის, რაც ირაკლი კობახიძემ გუნდის სახელით თქვა. ხაზგასმით მინდა ვთქვა ისიც, რომ არავითარ შემთხვევაში უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერაზე ეს არ აისახება. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და საქართველო, რითაც შეუძლია, ეხმარება და დგამს შესაბამის ნაბიჯებს. აშშ-ისა და ევროკავშირიც ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია და ჩვენი ქვეყანა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უჭერს მხარს უკრაინას. ვინც ამის საწინააღმდეგოს ამბობს, ის უბრალოდ მოწადინებულია, რომ ორმხრივი ურთიერთობები დააზიანოს. რაც შეეხება შალვა პაპუაშვილს, ვინც მას პირადად იცნობს, ძალიან კარგად იცის, რომ მას არასდროს არცერთ რთულ სიტუაციაში სადმე ჩასვლის და საქართველოს სახელით პოზიციის დაფიქსირების პრობლემა არ ჰქონია და არ ექნება. ამიტომაც ზედმეტი სპეკულაციები საჭირო არაა“, - აცხადებს თალაკვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner