„მეც და ჩემმა უკრაინელმა კოლეგამაც საკუთარ განცხადებებში ვთქვით, რომ ის გაუგებრობები რაც არის, შეიძლება, გაირკვეს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელ კოლეგასთან კომუნიკაციისას არაერთი საკითხი განიხილა, რომელშიც აზრთა თანხვედრა დაფიქსირდა.
„განსაკუთრებით, როცა საუბარი ეხება სხვადასხვა ინფორმაციას. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ საქართველოში ხშირად ხდება დეზინფორმაციის პანიკური აწევა, ამის გატანა საქართველოს საზღვრებს გარეთ. ჰიბრიდული ომი ამას გულისხმობს, ჩართულნი არიან შიგნითაც ხალხი, რომელიც საინფორმაციო ომს აწარმოებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ამ ინფორმაციას სჭირდება გადამოწმება. კომუნიკაციას შეუძლია ბევრი რამის გამოსწორება, ჩემს კოლეგასთან საუბრისას ბევრ რაღაცაში გავერკვიეთ და აბსოლუტურად ვეთანხმებით ერთმანეთს. ჩვენ გავერკვიეთ ყველაფერში, მეც მივაწოდე ინფორმაცია სხვადასხვა საკითხზე. საპარლამენტო დონეზე ყველაფერში გავერკვიეთ. ამ ვითარებაში, როცა ომი მიმდინარეობს უკრაინაში, არ არის კარგი, რომ საქართველოში არ იმყოფება უკრაინის ელჩი და ეს მე ვახსენე კიდეც. ეს არ არის საპარლამენტო დონეზე გადასაწყვეტი საკითხი. იმედი მაქვს ამ კუთხითაც იქნება პროგრესი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არანაირი ულტიმატუმი უკრაინის მიმართ არ ყოფილა.
„არანაირი პოზიციების შეცვლა არ ყოფილა, ეს არის მეორე უზუსტობა. მთავარი არის ერთი რამ, მათ შორის, როდესაც ვსაუბრობდით, რომ რაღაც პრეტენზიები არ იყო სწორი, ჩვენ იქვე ვამბობდით, რომ მზად ვიყავით განმარტებები მიგვეცა. ეს არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს დამოკიდებულებაზე უკრაინის მიმართ. სწორედ ის, რომ ჩვენ ღიად ვთქვით, რა არ მიგვაჩნდა სწორად, აქედან გამომდინარე მქონდა ჩემს კოლეგასთან კომუნიკაცია და აქედან გამომდინარე არის, რომ ვიზიტი შედგება, ვინაიდან ჩვენ ბევრ რამეში გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები და ბევრ რამეზე შევთანხმდით. პარლამენტი და პარლამენტარები თავისუფალნი არიან, თავად განსაზღვრონ საკუთარი დღის წესრიგი, მათ შორის ვიზიტები. რაც შეეხება ამ ვიზიტს, ეს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, შესაბამისად დადგინდება დელეგაცია. ჩემი სურვილია, ეს იყოს ინტერპარტიული დელეგაცია. რაც შეეხება შემადგენლობას, გვექნება ამაზე საუბარი კოლეგებთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.