„ჩვენთვის ღირებულია ყველა შენიშვნა, რომელსაც აქვს კონკრეტული საფუძველი. რაც შეეხება უსაფუძვლო კრიტიკას, ამაზე გვექნება პასუხი“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ კითხვას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით.
„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში წლიდან წლამდე თავისი შინაარსით დაახლოებით ერთი და იგივეა. ის დიდად არ განსხვავდება შარშანდელი ანგარიშისგან. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვკითხულობთ ამ ანგარიშს. ბევრი კრიტიკული შენიშვნაა, რომელსაც აქვს კონკრეტული საფუძველი და, რა თქმა უნდა, ეს შენიშვნები ჩვენთვის არის საყურადღებო, თუმცა ძალიან ბევრი ისეთი კომენტარია, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით. სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული „ენჯეოები“ რევოლუციურ გეგმებში მონაწილეობენ და ამავე დროს ინფორმაციას აწვდიან პარტნიორებს. მათი შეხედულებები ხშირად ხვდება ასეთ ანგარიშებში, რაც სამწუხაროა. ტრაგიკული ამაში არაფერია - ჩვენთვის ღირებულია ყველა შენიშვნა, რომელსაც აქვს კონკრეტული საფუძველი. რაც შეეხება უსაფუძვლო კრიტიკას, ამაზე გვექნება პასუხი“, - აცხადებს კობახიძე.