რვა ოპოზიციონერი დეპუტატი სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართავს. დეპუტატები ევროკავშირის კითხვარის საჯაროდ ხელმისაწვდომობას ითხოვენ. საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი. მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს ხელი შეუშალონ.
„წინასწარ ვერ ვიტყვით, რა პასუხს გასცემს ევროკომისარი ამ მიმართვას, მაგრამ, ფაქტია, რომ უკრაინაში დაღვრილ სისხლზე, ცრემლზე პარაზიტობა არის ის მთავარი რესურსი, რომელიც დღეს „ნაცმოძრაობას“ გააჩნია. საერთოდ მათი საქმიანობა, სტრატეგია აგებულია იმაზე, რომ როგორმე ხელი შეუშალონ ევროპასთან ინტეგრაციის იმ პროცესს, რომელიც წამოვიწყეთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.