„არ მალავენ, სურთ, არაკანონიერად დაამხონ ამ ქვეყნის ხელისუფლება. არ უარყოფენ იმას, რომ იკრიბებიან ცალკე ისეთი შემადგენლობით, რომელიც რაღაც საეჭვოა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა ბაკურიანში გამართულ შეკრებაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ნიშანია იმისთვის, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილს სურს, ხელისუფლების შეცვლა არაკანონიერად მოხდეს.
„ძალიან კარგად იკვრება წრე. არ მალავენ, სურთ, დაამხონ ამ ქვეყნის ხელისუფლება არაკანონიერად. არ უარყოფენ იმას, რომ იკრიბებიან ცალკე ისეთი შემადგენლობით, რომელიც რაღაც საეჭვოა. ეს ორი კომპონენტი ნიშნავს იმას, რომ ისინი, რა თქმა უნდა, გეგმავენ, ხელისუფლების შეცვლა არაკანონიერად მოხდეს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
6-8 აპრილს „Rooms Kokhta“-ში „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის შეკრება გაიმართა. „კვირას“ ინფორმაციით, ბაკურიანში გამართული შეხვედრის მთავარ საკითხს ხელისუფლების დამხობის გეგმის შემუშავება წარმოადგენდა, რაშიც რადიკალური ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი მონაწილეობდა (ხატია დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა“, ბათუ ქუთელია – „დროა“, გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველო“, ზურაბ ჯაფარიძის „გირჩისა“ და პარტია „ლელოს“ წარმომადგენლები). შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მიშა მშვილდაძე ტელეკომპანია „ფორმულადან“ და „მთავარი არხის“ წარმომადგენლები.
არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეხვედრას გიორგი მშვენიერაძე და „სირცხვილიას“ აქტივისტები ესწრებოდნენ. ბაკურიანში არ მიიწვიეს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომლებიც სააკაშვილის მიმართ ღია მხარდაჭერას არ გამოხატავენ.
შეხვედრის ტრენერი და მოდერატორი ცნობილი პოლიტტექნოლოგი პიტერ აკერმანი იყო.