logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის წევრობის კითხვარი რომ გამოქვეყნდება, ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა, დაჯდეს და შეავსოს, გასცეს პასუხები, რამდენად დაინტერესდებიან ამ საქმიანობით
- +

15 აპრილი. 2022. 15:40

 

 

„როგორც წესი, სტანდარტია, რომ ევროკავშირის წევრობის კითხვარი არ საჯაროვდება და ამის გამო ასეთ ისტერიას არც ერთ ქვეყანაში არც ერთი ოპოზიცია არ აწყობს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში კარგად ჩანს საკითხისადმი ოპონენტების ნაწილის დამოკიდებულება.

 

„კითხვარის გასაჯაროებასთან დაკავშირებით თუ არ ვცდები, უკვე გაკეთდა განცხადება, რომ მთავრობა აპირებს კითხვარის გასაჯაროებას. ძალიან კარგია ეს, რადგან ყველა ნახავს. მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ კითხვარი შეივსოს. ვხედავთ, აქაც ცდილობენ, რომ ყველაფრის გარშემო შექმნან ეჭვების ბურუსი. რა ეჭვები აქვთ, არ ვიცი. წარმოშობენ უსაგნო დისკუსიას. სხვათა შორის, არც უკრაინაში, არც მოლდოვაში ეს კითხვარი გასაჯაროებული არ არის. როგორც წესი, სტანდარტია, რომ არ საჯაროვდება. ასეთ ისტერიას არც ერთ ქვეყანაში არც ერთი ოპოზიცია არ აწყობს. სამწუხაროდ, ჩვენთან ჩანს ოპონენტების ნაწილის დამოკიდებულება, რომ ისტერიაშია ყველა საკითხის გარშემო. გასაჯაროვდება კითხვარი და ყველა ნახავს, რომ აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ოპოზიციიდან ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა ამ კითხვარზე, დაჯდეს და შეავსოს.

 

„ერთადერთი შეთავაზება მექნება, ეს კითხვარი ხომ გამოქვეყნდება და ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა მასზე, დაჯდეს და შეავსოს, გასცეს პასუხები, რამდენად დაინტერესდებიან ამ საქმიანობით. კითხვარი ხომ იქნება და შეუძლიათ თავად დაწერონ პასუხები“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

რვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ევროკავშირის კითხვარის საჯაროდ ხელმისაწვდომობის მოთხოვნით, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner