უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით მენაბდიშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს.
დავით მენაბდიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთავის სიონის ტაძარში გაიმართა.
დაღუპული ქართველი მებრძოლის ხსოვნას, ოჯახის წევრებთან ერთად, პატივი მიაგეს საზოგადოების წევრებმა და პოლიტიკოსებმა.
ქართველი მებრძოლი დავით მენაბდიშვილი 9 აპრილს უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მახლობლად შეტაკების დროს ქართველ მებრძოლთან, ნიკა შანავასთან ერთად დაიღუპა. დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა სამშობლოში 15 აპრილს ჩამოასვენეს. ნიკა შანავას საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით ხვალ დაკრძალავენ. უკრაინაში ამ დრომდე ექვსი ქართველი მებრძოლია დაღუპული.