პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ შეაფასა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის უკრაინაში ვიზიტი. როგორც მან განაცხადა, შალვა პაპუაშვილმა უკრაინელ კოლეგასთან ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, რაც, მისი თქმით, საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
„ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით რომ საქართველოს პარლამენტის სახელით კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მხარდაჭერა უკრაინის, უკრაინელი ხალხის მიმართ. ვიზიტი ძალიან პოზიტიური იყო იმ კუთხითაც, რომ პარლამენტის თავმჯდომარეებმა ისაუბრეს ყველა მნიშვნელოვანს საკითხზე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელს შეუწყობს საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და ამის გადატანას უფრო პოზიტიურ დღის წესრიგში. ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინის მიმართ. საქართველო ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია უკრაინის მხარდასაჭერად. ამასთან დაკავშირებით ვიზიტის ფარგლებში სრული ურთიერთგაგება იყო ჩვენსა და ჩვენს მეგობრებს შორის, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ერთში, რომ საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ნამდვილად არიან ისეთი პარტიები, იქნება ეს ომის პარტია თუ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ღალატობენ, რომლებსაც არ სურთ, რომ ჩვენი ურთიერთობები პოზიტიურ ჭრილში და თანამშრომლობით განზომილებაში იყოს. ამას ვერ გააკეთებს ნაციონალური მოძრაობა, სადაც არ უნდა ჩაასწრონ და გამოასწრონ“, - განაცხადა თალაკვაძემ.