ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვისა და სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის მისაღწევად, ჯანდაცვის სამინისტრომ ელექტრონული რეცეპტების პროექტი დაიწყო.
მინისტრის თქმით, ელექტრონული რეცეპტები არის ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც გამოყენებული იქნება ყველა ექიმის, პაციენტისა და სააფთიაქო დაწესებულების მიერ.
„ელექტრონული რეცეპტების ტესტირება დაიწყო 2016 წლის პირველ აგვისტოს და მასში შეზღუდული რაოდენობითაა და სპეციალური მოთხოვნების გათვალისწინებით ჩაერთნენ სუბიექტები ჯანდაცვის პროვაიდერი ქსელებიდან, საოჯახო მედიცინის ცენტრებიდან, ფარმაცეფტული ქსელებიდან და აფთიაქებიდან, რათა მომხდარიყო სისტემური ხარვეზების გამოვლენა, ბიზნეს პროცესის დახვეწა და მოსალოდნელი ლოკალური ტექნიკური საკითხების გამოსწორება", - განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრის თქმით, ელექტრონული რეცეპტი ეტაპობრივად გავრცელდება საქართველოს ყველა სამკურნალო და სააფთიაქო დაწესებულებაში და ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება, ცხელ ხაზზე დარეკვით დარეგისტრირდნენ სისტემაში ჩასართავად.
„იზრდება პაციენტის უსაფრთხო მკურნალობის დონე, ვინაიდან განულდება ექიმის მიერ მედიკამენტის დასახელების არასწორად ჩაწერისა და გაურკვეველი ხელნაწერებით გამოწვეული არასწორი მკურნალობის რისკი.
ამასთან, ექიმს საშუალება აქვს, გადახედოს პაციენტის მედიკამენტოზური მკურნალობის ისტორიას, რაც შეამცირებს წინა მკურნალობასთან შეუსაბამო დანიშნულების გამოწერის რისკს. იზრდება პაციენტის კომფორტი, ვინაიდან პაციენტს აღარ მოუწევს რეცეპტის ქაღალდმატარებლის ტარება-შენახვა, შესაბამისად, ნულდება მისი დაკარგვის რისკი.
იზრდება ექიმის დრო და იზრდება მისი კომფორტის დონე, ვინაიდან ექიმი ელექტრონულად წერს მხოლოდ დანიშნულებას. ერთი წუთის ვადაში, შესაძლებელია, პაციენტისთვის ძველი დანიშნულების გაგრძელება. პაციენტი რეგისტრირდება პირადი ნომრით, მას ექნება კოდი, რომლის მეშვეობითაც ექიმი მის პირად მონაცემებში შესვლას და დანიშნულების დაწერასა თუ გაგრძელებას შეძლებს. ახალ სისტემაში უკვე რამდენიმე სააფთიაქო ქსელი ჩაერთო. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, სრულად მოხდება ელექტრონული რეცეპტის დანერგვა", - განაცხადა სერგეენკომ.