„დიახ, მადლობა ბიძინა ივანიშვილს და ამაში არ დავიღლებით ქართველი ხალხი და მას ისტორია დააფასებს სათანადოდ. რა თქმა უნდა, ოპოზიციის რადიკალური წარმომადგენლებისთვის მიუღებელია ყველა ის პირი, რომელმაც ის რეჟიმი ქართველ ხალხთან ერთად სამართლიანად დაასრულა. უმადურები არ უნდა ვიყოთ, რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც პოლიტიკაში მოსვლით პრაქტიკულად გამოვიდა კომფორტის ზონიდან და ქართველ ხალხთან ერთად დაასრულა ის ტირანია და რეჟიმი, რომელიც ადამიანებს ამ ქვეყანაში განვითარების საშუალებას უსპობდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა „ქართული ოცნების“ დაფუძნების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, მმართველი გუნდისთვის მთავარი ადამიანი და მისი უფლებებია.
„ადამიანებს ჰქონდათ განცდა, რომ დღეს თუ არა ხვალ რეპრესიის მანქანა მის კარზე დააკაკუნებდა, „გააკულაკებდა“, ბიზნესს, სიცოცხლეს, ოჯახის წევრს წაართმევდა. ეს ფუნდამენტური განსხვავებაა. დანარჩენი ყველა ის სიკეთე - საკანონმდებლო ცვლილებები, სოციალური პროგრამები, სახელმწიფო ინტერესების, უსაფრთხოების დაცვა, სტრატეგიული ინტერესების განვითარება, ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მთავარ რამეს - ადამიანი, ადამიანი და ისევ ადამიანი,"- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
პარტიის - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფიციალურად დაფუძნებიდან 10 წელი შესრულდა. ზუსტად 10 წლის წინ, 2012 წლის 21 აპრილს, პარტიის დამფუძნებელი ყრილობა შედგა.