„რატომ ხართ „ომის პარტია“, იცით? ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა აირიოს და ეს გახდეს ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის საბაბი. ვიფიქროთ იმაზე, რომ ნამდვილად, უკრაინამ გაიმარჯვოს ამ ომში, რომ ეს სიბნელე დაამარცხოს ჩვენს რეგიონში, ვინაიდან არის ამის შანსი. ჩვენ იქნებ ომის გარეშე გადავიტანოთ ეს მძიმე პროცესები. მერე შანსი მეტი გვექნება, დასავლური სამყაროს ნაწილი გავხდეთ. რაც უფრო ძლიერები ვიქნებით ეკონომიკურად და რაც უფრო მშვიდობიანად შევძლებთ ამ პერიოდის გადატანას, მით მეტი შანსი გვექნება, ამ შავი ხვრელის გრავიტაციას, რასაც რუსეთი ჰქვია, თავი დავაღწიოთ“, - ასე მიმართა ოპოზიციის წევრებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, ოპოზიცია ხელოვნურად შექმნილი სკანდალებით ცდილობს ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს.
„გამოაგდებენ ამ რაღაც სულელურ ვიდეოს, რომელშიც პირველი, არაფერ უკანონოზე საუბარი არ მიდის, სულ რომ დავუშვათ, რომ ავთენტურია. მეორე, შიგნით 10 მარტიაო ეწერა, საერთოდ აპრილში დაასანქცირეს ეს კაცი და მარტში ბრიტანეთის მიერ სანქცირებული არ იყო. სამართლებრივი შემცველობა დანაშაული არ არის და რატომ უნდა არკვიოს ვინმემ ვიდეოს ავთენტურობა? იქიდან არახამიას განცხადება, თავხედური სრულიად, აქედან დამონტაჟებული ვიდეო და ვითომ სკანდალია შექმნილი, რომ ქვეყანაში რამე აირიოს“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.