„სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება მომავალი წლისთვის გაორმაგდება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„ეს არის სოციალურად დაუცველი ბავშვების 200-ლარიანი დახმარების პროექტი, რომელიც ეტაპობრივად გაიზრდება და დღევანდელი 100 ლარი მომავალი წლის ამ დროისთვის უკვე გაორმაგებული იქნება. ეს ზრდა ორ ეტაპად დაიყოფა, მიმდინარე წლის ივნისიდან 50 ლარით, ხოლო 2023 წლის იანვრიდან კიდევ 50 ლარით გაიზრდება დახმარება. წინა წელს პრემიერის გადაწყვეტილებით იყო პირველი ზრდა, როცა 2021 წლის ივნისიდან 50-ლარიანი დახმარება, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი, 100 ლარი გახდა. ვფიქრობთ, რომ 200-ლარიანი დახმარება სოციალურად დაუცველებისთვის არის ის მინიმუმი, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვები უზრუნველყოფილი იყვნენ ღირსეული კვებით, საცხოვრებელი პირობებით და საერთო ჯამში, ეს არის ის მინიმუმ 500 მილიონი ლარი, რაც კონკრეტულად მიემართება სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.