„თუ ამ კვამლს გავფანტავთ და შევხედავთ, რა მდგომარეობაშია დღეს საქართველო და საით არის მიმართული ჩვენი საგარეო პოლიტიკა, ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანისთვის ცხადია, რომ უმძიმეს რეგიონულ ვითარებაში საქართველო საკმაოდ დამაჯერებლად აწარმოებს თავის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია და მათი კუთვნილი პარტიული ტელევიზიები საერთაშორისო მასშტაბით გარკვეულწილად დამახინჯებულად ახდენენ საქართველოს პოზიციის ინტერპრეტაციას. ხელაშვილის განცხადებით, ამაში ასევე ჩართულია რამდენიმე პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაციები.
„მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ საქართველოში რამენაირად მოხდეს არეულობა, რასაც შემდეგ შეიძლება მოჰყვეს გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა. ამაზე შორს ვერ მიდიან. მე მგონია, უკვე თევზის დაჭერაც აღარაა მათი ამოცანა - მხოლოდ ვითარების არევა. მათი განცხადებები ნიშნავს იმას, რომ მათ არ ესმით, რისთვის წესდება სანქციები, ვის უწესდება და რატომ. ცდილობენ შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს ვიღაცას რაღაც სანქციები შეიძლება დაუწესდეს. მათთვის, ვინც ვითარებაში ერკვევა, და დარწმუნებული ვარ, რომ მათი ლიდერებიც კარგად ხვდებიან, რომ ეს გამორიცხულია. უბრალოდ ამ აჟიოტაჟს ქმნიან იმისთვის, რომ პოლიტიკური ტემპერატურა არ დასწიონ. ჩვენ ვნახეთ, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი: ქართველი ან მათთან დაკავშირებული უცხოელი რომელიმე ოპერატორი წევს კონკრეტულ თემას, შემდეგ მას მხარს უბამენ ცალკეული არასამთავრობოები, კონკრეტული ტელევიზიები, შემდეგ ამის გახმაურება ხდება. სინამდვილეში, თუ ამ კვამლს გავფანტავთ და შევხედავთ, რა მდგომარეობაშია დღეს საქართველო და საით არის მიმართული ჩვენი საგარეო პოლიტიკა, ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანისთვის ცხადია, რომ უმძიმეს რეგიონულ ვითარებაში საქართველო საკმაოდ დამაჯერებლად აწარმოებს თავის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. რამდენიმე დონეზე არის აცდენილი ეს აჟიოტაჟი რეალობას. დავიწყოთ იმით, თუ როდის დაუწესდა სანქციები ამ ადამიანს. მეორე - რამდენად ავთენტურია ჩანაწერები, მესამე - ავთენტურიც რომ იყოს - რამდენად დამონტაჟებულია, მეოთხე - რამდენად შეიძლება მსგავსი კონტაქტის გამოყენება სანქციებზე სასაუბროდ, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი დღეს აქტიური პოლიტიკოსი და რატომ უნდა დაუწესოს უცხოეთმა სანქციები საქართველოს ან თუნდაც ივანიშვილს, რომელიც კერძო ბიზნესმენია? თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, სრულიად ცხადი ხდება ამ აჟიოტაჟის აბსურდულობა“, - აცხადებს ხელაშვილმა.