ირაკლი კობახიძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებას გამოეხმაურა. ამ თემაზე კომენტარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას და ამისთვის ყველაფერი კეთდება, როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ნებისმიერი მხარდამჭერი აქტი, ნებისმიერი ხმამაღალი დოკუმენტი, რომელიც ხაზს უსვამს ამ თანამშრომლობას და მხარდაჭერას, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს“, - განაცხადა კობახიძემ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა.