logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული იქნება ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა
- +

2 მაისი. 2022. 11:43

 

 

„იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის მეორე ნახევრიდან ჩეხეთის რესპუბლიკა გადაიბარებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას,  ვიმედოვნებთ, რომ არსებული მხარდაჭერა გაგრძელდება და საქართველო მალე შეძლებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტთან, მილოშ ვისტრჩილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

შალვა პაპუაშვილის თქმით, ჩეხ კოლეგასთან ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მისივე შეფასებით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით ღირებული იქნება.

 

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ჩვენ მადლიერები ვართ ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ჩვენ, ასევე,  ძალიან ვაფასებთ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს საქმიანობას საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა სექტორული რეფორმის განხორციელებასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს.

 

ბატონი ვისტრჩილის ახლა განხორციელებული ვიზიტი მრავალმხრივ არის მნიშვნელოვანი, რადგან ვიზიტის ფარგლებში, არაერთ ოფიციალურ შეხვედრასთან ერთად, დაგეგმილია ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომა და, აგრეთვე, ბიზნეს ფორუმები თბილისსა და ბათუმში. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ღონისძიებები ბევრი მნიშვნელოვანი შედეგისა და შესაძლებლობის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეებისთვის. ვისაუბრეთ საპარლამენტო კავშირების განმტკიცებაზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული იქნება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

 

შალვა პაპუაშვილის თქმით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონში არსებული ვითარება და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყო.

 

„ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ კომპლექსური ვითარებაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც, ზოგადად, მთლიანად რეგიონს აქვს. ვისაუბრეთ, ასევე, რა თქმა უნდა,  რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ერთობლივ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩეხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველო მზად არის მეგობარ ქვეყანასთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის.

 

„ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის კვალდაკვალ, მნიშვნელოვანია ამ თემებთან დაკავშირებით ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობა.  ძალიან ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის მეორე ნახევრიდან ჩეხეთის რესპუბლიკა გადაიბარებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არსებული მხარდაჭერა გაგრძელდება და საქართველო მალე შეძლებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ რაოდენ რთული და ხანგრძლივია ევროკავშირში გაწევრების პროცესი, თუმცა, მზად ვართ, ინტენსიური თანამშრომლობისთვის და საქართველოს ევროპული მომავლის განმტკიცებისთვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

შალვა პაპუაშვილმა ჩეხ კოლეგას და მის თანმხლებ დელეგაციას საქართველოში ვიზიტისთვის და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner