„ჩვენი კოლეგები ევროპარლამენტიდან, ვინც მხარს უჭერენ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, ელიან და მხარს უჭერენ იმას, რომ ეს დებატები ძალიან მალე შედგეს და უკვე ივნისში ევროსაბჭომ იმსჯელოს სამივე ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე“, - ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საკითხზე შეფასება ჯერ ევროკომისიამ უნდა მოამზადოს, შემდეგ კი საკითხს ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ.
„ჩვენი კოლეგების დიდი ნაწილი თვლის, რომ სამივე ასოცირებული პარტნიორი ქვეყნის საკითხი ერთდროულად უნდა განიხილოს. ეს უფრო ფართოდ ეხება სამივე ქვეყნის ევროპულ მომავალს, სამივე ქვეყნის სუვერენულ უფლებას აირჩიონ, თუ რომელ კავშირში უნდა ყოფნა და სად ხედავენ საკუთარი ქვეყნების მომავალს. რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობას ევროკავშირმა კარი სამივე ქვეყნისთვის ერთდროულად უნდა გაუღოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა გვქონდეს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. 2 მაისს კი ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა.