„საერთაშორისო საზოგადოება გვეხმარება საკმარისად, რათა ამ პერიოდში დაცულად ვიგრძნოთ თავი. საომარი მოქმედებების შემთხვევაში, დაგვეხმარება თუ არა საერთაშორისო საზოგადოება, ეს არის მკითხაობის ნაწილი, რომელშიც სხვადასხვა აზრი შეიძლება გაგვაჩნდეს, მაგრამ მთავარი თემა ის არის, რომ ჩვენ არ უნდა ჩავერთოთ საომარ მოქმედებებში და არ ვიყოთ მოწოდებული, რომ სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ იმიტომ ვაკრიტიკოთ, რომ მან საომარი მოწოდებების საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა“, - განაცხადა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს სჭირდება, რომ საომარ მოქმედებებში არ ჩაერთოს.
„ფრონტის ხაზი, რომელიც დღეს უკრაინასა და რუსეთს შორის არსებობს, უახლოვდება მოლდოვის ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილს და დამატებით საფრთხეებს ქმნის. როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში ხვალ, მე ვერ გეტყვით, თუმცა, გეტყვით, დღეს რა გვჭირდება. დღეს გვჭირდება ისეთი ადამიანების შეკავება, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებენ საქართველოს ომში ჩართვისკენ", - აღნიშნავს ვოლსკი.