2022 წლის 5 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა „ღია კარის დღე“, რომელსაც ქ. თბილისის და აფხაზეთის საჯარო სკოლების უფროსი კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
მომავალ სტუდენტებს მიესალმა და წარმატებები უსურვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ:
„უპირველეს ყოვლისა, მინდა დაგიდასტუროთ ჩემი და ჩვენი უნივერსიტეტის ღრმა პატივისცემა თქვენდამი, ჩვენი ქვეყნისა და, მჯერა, ჩვენი უნივერსიტეტის მომავლისადმი. ვუყურებ თქვენს სახეებს და ვგრძნობ, რომ სამშობლოსათვის გულანთებულ ახალგაზრდებს ვხედავ. ახალგაზრდებო, თქვენ იცით, რომ განათლება ხედვის გარეშე არის სიბრმავე. ნაბიჯი, რომელსაც თქვენ დგამთ მომავლისკენ, იყოს გაცნობიერებული. თითოეული თქვენგანი ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენ ხართ მომავალი თაობა, რომლისთვისაც ძვირფასია განათლებას, ზოგადსაკაცობრიო და ეროვნული ღირებულებები, ჩვენი სამშობლოს მომავალი. სწორედ ამიტომაც ჩვენი სლოგანია „ცოდნა-აღმაშენებელი“. გარწმუნებთ, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეძლევათ შესაძლებლობა თანამედროვე, ხარისხიანი განათლების მიღებისა, აქტიურად ჩაერთოთ უნივერსიტეტის ცხოვრებაში. მინდა გითხრათ, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეს მარტოოდენ უმაღლესი სასწავლებელი არაა, ესაა თვისობრიობა, სამშობლოს ბედთან თანაზიარი. ესაა ხიდი, გზა, რომელიც ქვეყანას გააერთიანებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამ პროცესში ჩართვას აუცილებლად მოინდომებთ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საგანმანათლებლო ფუნქციასთან ერთად, რეგიონში სამშვიდობო პროცესების მართვის ისტორიული პასუხისმგებლობაც ეკისრება. რაც, პირველ რიგში, მშვიდობის სწავლების უნივერსალურ მოდელსა და საუნივერსიტეტო დიპლომატიის გააქტიურებას გულისხმობს, რომელ პროცესებშიც, დარწმუნებული ვარ, თქვენც აქტიურად იქნებით ჩართულნი. ძალიან მალე გელოდებით ჩვენთან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსით“.
აბიტურიენტებს მიესალმნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე; ხარისხის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი რომეო გალდავა; საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ინდირა ძაგანია, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, ქრისტი ზაქარაშვილი. მათ აბიტურიენტებს გააცნეს სასწავლო პროგრამები, საერთაშორისო პროექტები და შიდა საუნივერსიტეტო, სტუდენტური ღონისძიებები, რომლებშიც სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები.
პრეზენტაციის შემდეგ, აბიტურიენტები ფაკულტეტების მიხედვით გადანაწილდნენ და უკვე დეკანებისა და პროგრამების ხელმძღვანელებისაგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია მათ მიერ არჩეული პროფესიების შესახებ. ამასთან ერთად, ისინი უშუალოდ ჩაერთნენ სხვადასხვა სასწავლო-პრაქტიკულ ღონისძიებებში. დასასრულს კი, აბიტურიენტებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.