logo_geo
eng_logo
გიორგი ცაგარეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი ბელადიანად, ხართ „ცხვრის ქურქში გახვეული მგლები“
- +

10 მაისი. 2022. 13:10

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“, თავისი ბელადიანად, ხართ „ცხვრის ქურქში გახვეული მგლები“ - დიდი ხანია დაკარგეთ ადამიანობის იოტისოდენა განცდაც კი და იქეცით გამოუსწორებელ მოძალადეებად. ახლა კი, ლამობთ როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდეთ თქვენს ბელადთან ერთად და ვინც და რაც დაგრჩათ გასანადგურებელი, ისიც მოსპოთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე ისაუბრა. მისი შეფასებით, წინა ხელისუფლების დროს მომხდარი ფაქტები უახლესი წარსულის დაუვიწყარი და უმძიმესი მოგონებაა.

„პატიმარ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, საკუთარ ხალხთან გაჩაღებულ სისხლიან დაპირისპირებას შეეწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე.

 

ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტად, სამართალდამცავი სტრუქტურები გადააქციეთ, რომლებიც მთლიანად თქვენს პოლიტიკურ ნებას იყო დაქვემდებარებული. თქვენი მმართველობის წლებში, ჩამოყალიბდით მშვიდობიანი მიტინგებისა და მანიფესტაციების „სწორუპოვარ“ დამრბევებად. სასტიკად დაარბიეთ 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგები და მანიფესტაციები. 508 ადამიანი დაშავდა, უამრავი უკანონოდ დააკავეთ, მოსპეთ ტელეკომპანია „იმედი“, დახურეთ ტელეკომპანია „კავკასია“, ჯარი, რომელიც ქვეყნისა და ხალხის სამსახურში უნდა ყოფილიყო, საკუთარ ხალხზე დაგეშეთ. მომდევნო დღეს, 2007 წლის 8 ნოემბერს, სასტიკად გაუსწორდით ბათუმის უნივერსიტეტთან შეკრებილ სტუდენტებსა და პედაგოგებს, ისინი მხუთავი გაზებით დაწამლეთ და აუდიტორიებში სცემდით. 2009 წლის 6 მაისს, თბილისის პოლიციის სამმართველოსთან, აკრძალული ლეტალური იარაღიდან, პირდაპირი დამიზნებით ესროდით საპროტესტოდ შეკრებილ მოქალაქეებს, 2 მათგანს თვალი დასთხარეთ. იმავე წლის 15 ივნისს, იმავე ადგილზე, უმაგალითოდ გაუსწორდით საპროტესტოდ შეკრებილ ადამიანებს. 17 მათგანი არნახული სისასტიკით სცემეთ. ზურაბ აბაშიძე, დაჩი ცაგურია და სხვანი მხოლოდ ღვთის განგებით გადაურჩნენ სიკვდილს. ათობით ადამიანი დააკავეთ და მრავალდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეთ. და გვირგვინი სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ არაადამიანური ვნებებისა, უდავოდ იყო 2011 წლის 26 მაისი. ამ დღეს, გამოიყენეთ არაპროპორციული პოლიციური ძალა, რუსთაველის გამზირიდან გასასვლელი არ დაუტოვეთ ხალხს, ის ალყაში მოაქციეთ და ფაქტობრივად გასაჟლეტად გასწირეთ. შედეგად, ამ ავბედით მოვლენებს, 4 ადამიანი შეეწირა, 250 დაშავდა, 800 ადამიანი სხვადასხვა მოგონილი მიზეზით საპატიმროებში გამოკეტეთ. 2 მათგანი კი, სულიკო ასათიანი და ნიკა კვინტრაძე, მოკალით და საგაზეთო ჯიხურის თავზე შემოაწყვეთ.

 

მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივი რეჟიმის ერთ-ერთი ნათელი გამოხატულება იყო პენიტენციური სისტემა და იქ პატიმართა უფლებების მასობრივი დარღვევა. აქ, ამ დარბაზში, სააკაშვილის მიერ გაჟღერებულმა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ, გაანადგურა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, დაანგრია ოჯახები და მომავლის პერსპექტივა დაუკარგა უამრავ ახალგაზრდას. ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ როგორმე გაგეტეხათ ქართული საზოგადოება, ადამიანი ციხეზე მიგებათ, ქვეყნის დიდი ნაწილი პატიმრის ჭირისუფლად გადაგექციათ და ამითი გაგეხანგრძლივებინათ ხელისუფლებაში ყოფნა.

 

2005 წელს, როდესაც თავად პატიმარმა სააკაშვილმა ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა, ერთ წელიწადში 5777 მოქალაქე დააპატიმრეთ, ანუ დღეში 16 ადამიანს აღუკვეთეთ თავისუფლება. ეს შემზარავი ციფრი, მრავლისმეტყველია. 2004-2012 წლებში ციხეებში დაიღუპა 800-მდე პატიმარი. სწორედ თქვენმა ნულოვანმა ტოლერანტობამ, ძალადობრივმა ბუნებამ და საკუთარი მოქალაქეების მიმართ გამოჩენილმა ზღვარგადასულმა სიძულვილმა მოიტანა ეს ტრაგიკული შედეგი. რომ არა, 2012 წლის 1 ოქტომბერი, ნახევარ ქვეყანას ციხეში გამოკეტავდით და უამრავ პატიმარს სიცოცხლეს გამოასალმებდით.

 

საპატიმროებში მოქალაქეთა გამოკეტვა პირდაპირ კავშირში იყო მათი საკუთრების უფლების შელახვასთან. ხელისუფლების მთელი ვერტიკალი იქითკენ იყო მომართული, რომ ციხის გავლით ადამიანისთვის ღირსებასთან ერთად, საკუთრებაც წაერთმიათ. სახელმწიფოს დონეზე აყვანილი „მოროდიორობა“ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშანი გახდა. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, 2015-2022 წლებში, გამოვლენილი იქნა მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 203 ფაქტი და  მხილებული იქნა 56 საჯარო მოხელე. დაზარალებულად იქნა ცნობილი 446 პირი, რომელთაგან, 317-ს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა (ან დაბრუნების პროცესშია) ჩამორთმეული ქონება.

 

საქართველოს მოქალაქეების რეკეტისას, არაფერს არ თაკილობდით, ართმევდით მათ ქარხნებს, სასტუმროებს, საცურაო კომპლექსებს, კომერციულ ფართებს, აგარაკებს, პანსიონატებს, სტადიონებს, საცხოვრებელ ბინებს, მიწის ნაკვეთებს, ა/მანქანებს, კვადროციკლებს, ოქროს ნაკეთობებს, თვითმფრინავებს, შვეულმფრენებს, ცეცხლსასროლ იარაღებს, ბუნებრივი რესურსების მოპოვების ლიცენზიებს,  ანტიკვარულ წიგნებს, სახვითი ხელოვნების ნიმუშებს და სხვა უძრავ თუ მოძრავ ქონებას, რომელიც ამჟამად დაბრუნებულია და დაბრუნების პროცესშია. ჩამორთმეული და დაბრუნებული ქონების საერთო ღირებულება, ათობით მილიონ ლარს აჭარბებს“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner