„არ ვიცი გიორგი ვაშაძე რატომ ფიქრობს, რომ მის განცხადებას რაიმე ფასი აქვს, არ აქვს მნიშვნელობა განცხადებას ვაშინგტონიდან გააკეთებს თუ თბილისიდან, განცხადებას წონადს არგუმენტი ხდის და არა ლოკაცია“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე „რეფორმების ჯგუფის“ წევრ გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის თანახმად ვაშაძე ფიქრობს, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს.
მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნების თემა დავიწყებას უნდა მიეცეს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი წინსვლა და განვითარება:
„როგორც ცნობილია ჯუნიორ ვაშაძე ვაშინგტონში იმყოფება, სადაც რამდენიმე არაფრით გამორჩეული შეხვედრა გამართა. შეხვედრების შემდეგ გიორგი ვაშაძემ ვაშინგტონიდან არასახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა. არ შეიძლება ვაშაძეს ვინმე სერიოზულად ესაუბროს, რადგან ის არც მმართველ გუნდს წარმოადგენს და არც ხალხს, რადგან 2020 წლის არჩევნებში სულ რაღაც 3% აიღო. სწორედ ასეთი ადამიანი ცდილობს აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე „გავლენა“ ჰქონდეს. ვაშაძის განცხადება 19 აპრილის შეთანხმებას და რიგგარეშე არჩევნებს შეეხებოდა, ვაშაძე ფიქრობს, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, ეს არის მოცემულობა, რადგან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მაღალი ლეგიტიმაციით გამოირჩეოდა. ეს აღიარეს როგორც ადგილობრივმა, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, უფრო მეტიც, არჩევნები მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა აღიარა და პარლამენტში შევიდა, მათ შორის ბატონი ვაშაძეც. რიგგარეშე არჩევნების თემა დავიწყებას უნდა მიეცეს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი წინსვლა და განვითარება. განვითარება რომელიც თითოეულ ქართველ ამომრჩეველს სურს. საქართველოს მომავალს ქართველი ხალხი საქართველოში წყვეტს და არა ვაშინგტონში მყოფი გიორგი ვაშაძე“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.