„Credit Suisse-ის “ ისტორია ძალიან უცნაური და აბსოლუტურად არადამახასიათებელია შვეიცარიული ბანკისთვის, რომელიც მაღალი სანდოობით გამოირჩევა. ჯერ ის რომ, თავის დროზე, ეს ფული პრაქტიკულად მოიპარეს და შემდეგ, წლების განმავლობაში არ აბრუნებდნენ და სასამართლოს გზით გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილმა და მიაღწია იმას, რომ ბანკს ეღიარებინა, რომ ეს ფული, ნამდვილად მას ეკუთვნოდა“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ბანკის მხრიდან, კანონიერ მოთხოვნებზე არის გარკვეული გაუგებარი ქმედებები, რაც უცნაურია. მისი განმარტებით, რა თქმა უნდა, ამას არავინ დააკავშირებდა მეორე ფრონტის გახსნასთან, თუმცა თუ ბევრ დეტალს დავაკვირდებით, მართლაც ჩნდება კითხვები.
„მას შემდეგ, რაც სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და ბანკმა აღიარა, რომ ეს ფული ნამდვილად არის მოპარული და დაკარგული, ნამდვილად ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, რჩებოდა მარტივი ტრანზაქცია. ნებისმიერ მოთხოვნაზე, რამდენიმე საათში თანხა უნდა დაჯდეს მფლობელის ანგარიშზე. სწორედ ომის პერიოდს დაემთხვა შემთხვევა, როდესაც ერთი თვის განმავლობაში ბანკმა ფულის გადარიცხვა გააჭიანურა, მეორე შემთხვევაშიც იგივე შეფერხება იყო, რაც ძალიან უცნაურია, ამას არავინ დააკავშირებდა ომთან და მეორე ფრონტის გახსნასთან. თუმცა, თუ რაღაცებს დავაკავშირებთ ერთმანეთთან, მართლაც ჩნდება კითხვები, რომლებსაც პასუხები სჭირდება. ამ შემთხვევაში, ხათუნა ხოფერიას მიერ დასმული კითხვებიც ლოგიკურად ებმის ერთმანეთს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს, როგორმე მიაღწიოს იმას, რაც საქართველოში 2008 წელს ხდებოდა, რაც დღეს ხდება მარიუპოლში და სხვა ქალაქებში.
„უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ძალიან მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, რომ საქართველო ომში უნდა ჩაებას აუცილებლად და იზრუნოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაზე, დროში აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციის - ეკა გიგაურის, ან „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ჟურნალისტის გარკვეული განცხადებები, რამდენიმე წუთში აისახება ხოლმე, უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებებში, ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის, ასევე არცთუ მეგობრული და კორექტული განცხადებები. მაგალითად, როდესაც ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ბატონი ილვესი ზუსტად იმავეს ამბობს - რომ დროა, საქართველომ დაიწყოს თავისი დაკარგული ტერიტორიებზე ფიქრი და ქმედება. დაახლოებით მსგავსი არამეგობრული განცხადებებია ისეთი პოლიტიკოსების მხრიდან, როგორებიც არიან მაგალითად საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი ბატონი იანკელი, მეთიუ ბრაიზა, დევიდ კრამერი. მართლა ვფიქრობთ, ხომ არ არის გარკვეული ჯგუფი, გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ჩართვას ომში და ამ ძალების კოორდინაცია ხომ არ ხდება, არა საქართველოს და უკრაინას შორის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ამ შემთხვევაში ეს იყოს აშშ-ს ან, რომელიმე ჩვენი მეგობარი ხელისუფლების პოზიცია, მაგრამ ცალკეული პოლიტიკოსების გამონათქვამებში მსგავსი მოტივები და სურვილები ნამდვილად ჩანს,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.