აშშ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი რუსეთს კიბერშეტევაში ადანაშაულებენ, რომელიც სატელიტურ ქსელ KA-SAT-ზე განხორციელდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურებმა მიიღეს. მათი ცნობით, შეტევა ქსელზე, რომელსაც კომპანია Viasat-ი მართავს, 24 თებერვლის ღამეს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე 1 საათით ადრე დაიწყო. ჰაკერების სამიზნე უკრაინელი სამხედროები იყვნენ, თუმცა შეტევას მასშტაბური შედეგები მოჰყვა, მათ შორის უკრაინის საზღვრებს გარეთაც.
ბრიტანეთის მონაცემებით, კიბერშეტევის გამო უკრაინაში ათასობით ადამიანს ინტერნეტთან წვდომის პრობლემები შეექმნა, შეფერხება ცენტრალურ ევროპაშიც დაფიქსირდა და ქარის ელექტროსადგურებისა და ინტერნეტ-მომხმარებლებსაც შეეხო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ჰაკერებმა უკრაინაში სატელიტური კავშირის ქსელები გამოიყვანეს მწყობრიდან.