საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე ევროპის პასუხის მოლოდინშია. სახელისუფლებო გუნდში სჯერათ, რომ ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ქართველი ხალხის სურვილს გაიზიარებენ.
„უახლოეს პერიოდში, ევროკომისია იმსჯელებს და წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ეყრდნობა იმ რეფორმებსა და კონკრეტულ შედეგებს, რომელთაც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება და რომლებიც, თვით ევროკავშირის მიერ, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, აღიარებულია, როგორც მოწინავე ქვეყნის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები და ის შეფასებები, რომლებიც საერთაშორისო დონეზე ახლავს, ჩვენ გვაძლევს იმის რწმენას, რომ ევროკომისიის დასკვნა დადებითი იქნება“, - აცხადებს გივი მიქანაძე.
ევროკომისიამ კითხვარის ქართული პასუხების შესახებ მოსაზრებები ევროკავშირის ლიდერებს, 24-25 ივნისის სამიტზე უნდა გაუზიაროს. მთავრობის მეთაურმა კარლ ჰარცელს კითხვარის მეორე და საბოლოო ნაწილი გუშინ გადასცა.