პარლამენტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებათა პროექტს პირველი მოსმენით 79 ხმით დაუჭირა მხარი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად, კოლხეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 671,5 ჰექტარით გაიზრდება და გახდება 44980 ჰექტარი. აქედან, სახმელეთო ფართობი გაიზრდება 196,5 ჰექტარით და გახდება 29 229 ჰა, ხოლო ზღვის აკვატორია გაიზრდება 475 ჰექტარით და გახდება 15751 ჰა.
„კოლხეთის დაცული ტერიტორიები, სხვა დაცულ ტერიტორიებთან ერთად შევიდა იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის ქვეშ. ასევე, კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორია არის ზუთხისებრთა თევზის სახეობისთვის ბინადრობისა და გადაადგილების არეალი, სწორედ აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ დაცული ტერიტორიების გაფართოება, როგორც ეროვნული მიზნებისთვის, ასევე იმ საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ავიღეთ სწორედ მას შემდეგ, რაც ეს დაცული ტერიტორიები შევიდა იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში. ვფიქრობ, ეს იქნება მნიშნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისგან და ცხადია, ეს ტერიტორიებიც დაემატება საერთაშორისო ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცულობის სტატუსს, რაც გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას და ზოგადად, ტურიზმს შეუწყობს ხელს ამ კონკრეტულ დაცულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.