„ყველაზე კარგად ვიცი, როგორც მოწმემ, პირველ წელს ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისა, ერთადერთი მამაკაცი, ვისაც სჯეროდა, რომ ქალებისთვის კვოტა აუცილებელია, ეს გახლავთ სწორედ ბიძინა ივანიშვილი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონებო, ბატონებო, თანამებრძოლებო, მეგობრებო, ყველას მოგესალმებით! მივესალმები ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლის, მივესალმები მთავრობის მეთაურს ბატონ ირაკლის, ჩვენი პარტიის გენერალურ მდივანს ბატონ კახის და ასევე, პარლამენტში ჩვენი პარტიის უმრავლესობის ხელმძღვანელს და პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს. რა თქმა უნდა, ყველას ვერ ჩამოთვლი, მაგრამ ალბათ არავინ მიწყენს, პირველ რიგში მოგესალმებით თქვენ, ჩვენი პარტიის წევრებს, იმ ქალებს, ვისი წვლილი ჩვენს სხვადასხვა გამარჯვებაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ის გამარჯვებები, რაც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ, ამ პარტიამ, არაერთი წლის მანძილზე, არის თქვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგი და მინდა ამისათვის დავიწყო ძალიან დიდი მადლობით. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც მრავალრიცხოვანი ხართ ამ დარბაზში, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვიცით, და ეს საზოგადოებამაც უნდა იცოდეს, ვინც დღეს გვისმენს, ხართ მცირერიცხოვანი იმიტომ, რომ თქვენ ბრძანდებით დელეგატები, და თქვენ წარმოადგენთ უამრავ ქალს, რომელიც რეგიონებში დარჩა და თქვენ წარმოგგზავნათ დამფუძნებელ ყრილობაზე. მათაც რასაკვირველია, მთავრობისა და პარტიის სახელით მივესალმები. გავიხსენებ ალბათ, ვინაიდან ხელისუფლებაში დიდხანს შემოვრჩი, განგრძობადად, იმ დროს, როდესაც ჩვენ მოვდიოდით ქვეყნის სათავეში. ეს იყო დრო, როცა ქალი პოლიტიკოსის ღირსება და როგორც ასეთი, ქალი პოლიტიკოსი იყო ფეხქვეშ გათელილი სააკაშვილის ბინძური პოლიტიკის წყალობით, და რეალურად, ქალ პოლიტიკოსს არავინ აღიქვამდა სერიოზულად. ის იყო მხოლოდ ქილიკისა და დაცინვის საგანი. ასევე, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, არ არსებობდა არავითარი სამართლებრივი ნორმა, თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ მოკრძალებულ კანონს, რომელიც უცხოელების ზეწოლის ქვეშ იყო მიღებული წინა ხელისუფლების მიერ და რომელიც უზრუნველყოფდა ჩვენს უფლებებს ოჯახში, ჩვენს უფლებებს სამსახურში და ჩვენს უფლებებს პოლიტიკაში“, - აცხადებს წულუკიანი.
მისივე თქმით, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოქალაქეობა ჩამოართვა ბიძინა ივანიშვილს, ის მხოლოდ და მხოლოდ ამის გამო ვერ გახდა პარტიის პირველი თავმჯდომარე და სწორედ მან, კაცმა პოლიტიკოსმა აქცენტი გააკეთა ქალ პოლიტიკოსზე და ეს თავმჯდომარე იყო ქალი თავმჯდომარე, ქალბატონი მანანა კობახიძე.
„მე ვიტყოდი, სწორედ ასე, ფეხბედნიერად დაიბადა ეს პარტია, ქალი თავმჯდომარისადმი ნდობის საფუძველზე. არავის ეწყინება, მაგრამ ეს მე უნდა ვთქვა და ყველაზე კარგად ვიცი, როგორც მოწმემ, პირველ წელს ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისა, ერთადერთი მამაკაცი, ვისაც სჯეროდა, რომ ქალებისთვის კვოტა აუცილებელია (რომელიც ხელს უწყობდა, რომ ქალები კანდიდატები ყოფილიყვნენ და პარტიული სია ყოფილიყო დაბალანსებული), ეს გახლავთ სწორედ ბიძინა ივანიშვილი. მე ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ ეს ასე უნდა ითქვას, ეს ნამდვილად ასე იყო. შემდეგ უკვე ამ სულისკვეთებით პარტიამ გააგრძელა და ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას, 2014 წლის წლის 19 ივნისს მე, როგორც იუსტიციის ქალ მინისტრს, მისი დელეგირებით, წილად მხვდა პატივი, თქვენი ყველას სახელით, თქვენი გოგონა შვილების სახელით, ხელი მომეწერა იმ კონვენციისთვის სტრასბურგში, რომელი კონვენციის ხელმომწერი არ არის დღემდე ზოგიერთი ევროპული ქვეყანაც კი. ეს გახლავთ სტამბოლის კონვენცია. სტამბოლის კონვენციის ხელმოწერის შემდეგ, გაიხსნა ძალიან რთული, 3-წლიანი პერიოდი იმისთვის, რომ იმ მოწვევის პარლამენტს 2017 წელს მისი რატიფიცირება მოეხდინა.
ჩვენ, საქართველოს მთავრობამ 24 ძალიან დიდი საკანონმდებლო პაკეტი შევიტანეთ პარლამენტში და შევცვალეთ არაერთი აქტი. სწორედ ასე დავამარცხეთ დუმილი. როდესაც გვჩაგრავენ, როდესაც გვცემენ, როდესაც არის ოჯახში ან ოჯახს მიღმა ძალადობა, დუმილი აღარ არის წესი. ეს სწორედ სტამბოლის კონვენციამ და „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულმა რეფორმებმა მოიტანა. რასაკვირველია, ეს არ არის საკმარისი, ამიტომაც სულ ახლახან, ბატონ ირაკლი კობახიძის ლიდერობით, პარლამენტმა მიიღო კვოტების შესახებ კანონი. ძალიან ხშირად შემოქმედი ქალები მეკითხებიან, როგორც იურისტს, მათ ამჟამინდელ სამინისტროს ხელმძღვანელს, კი მაგრამ რისთვის არის ეს კვოტები საჭირო?! ეს კვოტები, ნორმალურ მდგომარეობაში საჭირო რასაკვირველია, არ არის. მაგრამ ჩვენ ეს კვოტები გვჭირდება და მე, როგორც ქალი წევრი ამ პარტიის, ყველა წევრ იმ დეპუტატს, ვინც ხმა მისცა ამ კანონს, ვუხდი ძალიან დიდ მადლობას. შეიძლება ვიღაცამ გვითხრას, რაში გჭირდებათ კვოტები, თქვენ ხომ უკვე ხართ ვიცე-პრემიერ მინისტრი, თქვენ ხომ უკვე ხართ პარლამენტში, თქვენ ხომ უკვე ხართ საკრებულოში, უკვე ხართ მერი. ჩვენ ეს კვოტები მაინც გვჭირდება. ჩვენ ეს კვოტები გვჭირდება ახალგაზრდა ქალებისთვის, ვინაიდან მაინც პოლიტიკა ქალებისთვის დახურულია. რაც არ უნდა იყოს პარტიაში სულისკვეთება კანონი ყველაზე დიდი გარანტიაა. ამიტომაც ჩვენ, ჩვენმა პარტიამ ქალებს ფართოდ გაგვიღო პოლიტიკის კარები და მე მართლაც არ დავიღლები, რომ ვთქვა მადლობა. ეს კვოტები ჩვენ გვჭირდება და ამ კვოტებს გამოიყენებს ყველა ის ახალგაზრდა ქალი, რომელიც ამ ორგანიზაციაში შემოვა.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ, ჩვენი პარტიის ქალებს, რომლებიც აქ ბრძანდებით, რომლებიც ტელევიზიით გვიცქერთ და გვისმენთ, იმ თავდადებული შრომისთვის. ეს შრომა არ არის უბრალოდ შრომა, ეს არის შრომა ბოროტების წინააღმდეგ, ბრძოლა მშვიდობისათვის, ბრძოლა იმ ბავშვებისათვის, ვინც ჩვენი ადგილი უნდა დაიკავოს, მაგრამ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი არიან ისინი, ვინც არ ჩანან კადრში, ისინი, ვინც არ ჩანან პარტიაში. ორი კატეგორია მინდა გამოვყო, რის გარეშეც არ მინდა დღეს ეს ტრიბუნა დავტოვო. პირველნი არიან ჩვენი თანამებრძოლი მამაკაცების მეუღლეები. მე მინდა მათ ვუთხრა მადლობა გამძლეობისთვის. მათ ვუთხრა მადლობა მოთმინებისთვის იმიტომ, რომ არ არსებობს წარმატებული კაცი პოლიტიკაში, თუ მის ზურგს უკან არ დგას ღირსეული, მოთმინებით აღვსილი ქალი, რუდუნებით ოჯახს რომ უვლის და თავისი კარიერაც რომ აქვს, ან შვილებს ზრდის. ამიტომაც მადლობა მას და ბოდიშს ვუხდით მათ ყველა იმ შეურაცხყოფისთვის, რასაც ისინი ჩვენს მაგივრად იღებენ და ასევე, მადლობა მინდა ქალბატონებს გადავუხადო, თითოეულ თქვენ ოჯახის წევრს, თქვენ მეუღლეებს, ჩემს მეუღლეს, ვუთხრა მადლობა იმიტომ, რომ ისინი არიან ის კაცები, ვისაც, როდესაც შეურაცხყოფას გვაყენებენ, უწევთ ამისი მოთმენა, ჩვენი მხარდაჭერა და თუ ჩვენ დღეს ვართ მცირეოდენით მაინც წარმატებულები, ეს პირველ რიგში ამ კაცების დამსახურებაა. მადლობა ყველას“, - განაცხადა წულუკიანმა.