პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურ დევნად არ უნდა შეფასდეს. სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი არ არსებობს.
„ეს არ არის პოლიტიკური შურისძიება. ფაბულა და შინაარსი ცნობილია, რაზეა საუბარი. სასამართლომ დაასკვნა, რომ ეს იყო მართლსაწინააღმდეგო ქმედება, იმ კატეგორიის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელსაც დანაშაული ჰქვია. საუბარია რაზე? – საწარმოს ხელმძღვანელის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რითაც ორგანიზაციის შემოსავალი შემცირდა. ამას უკვე სახალხო დამცველიც არ უარყოფს. კარგი იყო თუ ცუდი ორგანიზაციისთვის, ამაზე ვისაუბროთ – რა მიზეზით შეიძლება იყოს ორგანიზაციისთვის ნაკლები შემოსავლის მიღება, ვიდრე მეტის? სახალხო დამცველი ამბობს, რომ შესაძლოა, გრძელვადიან და მოკლევადიან რისკებს აზღვევდესო და შეგიძლიათ, მითხრათ, რა რისკებს აზღვევდა? რაც შეეხება პოლიტიკურ დევნას, შეიძლება, არსებობდეს კითხვა, ხომ არ არის ეს პოლიტიკური დევნა? – არ მგონია, ვინმესთვის არსებობდეს მიზეზი, ისაუბროს პოლიტიკურ დევნაზე. პოლიტიკურად სენსიტიურია, რადგან გვარამიას საქმიანობა თავისი შინაარსით არის პოლიტიკური. შესაბამისად, ეს პოლიტიკურ სენსიტიურობას განაპირობებს, მაგრამ არ ნიშნავს, რომ მოცემულ სიტუაციაში ვინმეს შეუძლია, ხელაღებით ისაუბროს პოლიტიკურ დევნაზე. საკმაოდ კარგად, დამაჯერებლად არის ახსნილი, რომ სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი, რომელიც სასამართლომ დანაშაულად შეაფასა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება, ციმბირი უკან მოეტოვებინათ. სინამდვილეში, მათი მმართველობისთვის იყო დამახასიათებელი, რომ ხშირად სჩადიოდნენ დანაშაულებს. არ მგონია, მოწმენდილ ცაზე მეხს წარმოადგენდეს, რომ პირები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან დაკავშირებული, დანაშაულებს სჩადიოდნენ. არ მგონია, სახალხო დამცველმა კორპორაციული სამართლისთვის დიდი აღმოჩენა გააკეთა. მცდარი შეფასებაა გაკეთებული, როცა ნათქვამია, რომ იმთავითვე გამოირიცხება მართლწინააღმდეგობა მოცემულ შემთხვევაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.