logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: ადამიანის დაკავება არასდროს გამიხარდება, მაგრამ ნიკა გვარამიას კონკრეტული მტკიცებულებებიდან გამომდინარე მიესაჯა
- +

16 მაისი. 2022. 14:51

 

 

„პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ადამიანის დაკავება არასოდეს გამიხარდება, მაგრამ ნიკა გვარამიას კონკრეტული მტკიცებულებებიდან გამომდინარე მიესაჯა, როცა მან კომპანიას შვიდი მილიონი მოპარა, თუ გაფლანგა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისივე თქმით, თუ ვინმეს სასამართლოსგან განსხვავებული მტკიცებულება აქვს, შეუძლია, საქმე გაასაჩივროს.

 

„სასამართლომ მიიჩნია, რომ ის არის დამნაშავე და ამის გამო მიუსაჯა. არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია, თუ გაკოტრებული პარტიის პოლიტიკოსები ზუსტად იგივე ტექსტებით საუბრობდნენ „რუსთავი 2“-ის საქმეზე, რომ სახელმწიფო ართმევდათ და ჩარეული იყო. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ყველა ეტაპზე დაცული იყო. ამ განცხადების შემდეგ ყველა მიწყნარდა, მანამდე გაჰკიოდნენ. ახლა გვარამია ყველასთვის გახდა დემოკრატი, პატრიოტი, ამ ქვეყნის ერთგული, გადამრჩენელი და ა.შ. ეს მათი უფლებაა. თუ ვინმეს აქვს სასამართლოსგან განსხვავებული მტკიცებულება, აგერ არის საერთაშორისო პლატფორმა, სადაც კეთილი ინებონ და დაამტკიცონ. ამ ვაი პოლიტიკოსებს, გაკოტრებულებს თავისი ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ და შეუძლიათ, ქვეყანა ლაფში ამოსვარონ. ჰგონიათ, თუ ქვეყანას აგინებენ, ქულებს დაუწერენ. „რუსთავი 2“-ის თემები გადაახვიეთ და ნახავთ, რომ იგივე განცხადებები ჰქონდათ. ეს საქმე გაასაჩივრონ და ვნახოთ, რა იქნება - აგერ თქვენ, აგერ მე“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

ზარქუა ასევე გამოეხმაურა გვარამიას შეწყალების საკითხს.

 

„როგორც მოვისმინე, გვარამიამ ოჯახს მოუწოდა, პრეზიდენტს არ მიმართონ. პრინციპში, მართალიც არის და მის პოზიციას ვიზიარებ, რადგან მისი მთელი შემოქმედება და გუნდი ლანძღავდა სალომე ზურაბიშვილს, მისი უხერხულობა მესმის, თუმცა ეს ყველაფერი პრეზიდენტის გადასაწყვეტია, მაგრამ ასეთი ადამიანის შეწყალება სწორი არ არის. „მთავარი არხი“ გვარამიათი არ მთავრდება ისევე, როგორც „რუსთავი 2“-ით არ დამთავრდა. ვამბობდით, რომ ისეთი კანონმდებლობა გვაქვს, როცა ერთ საათში კომპანიის დარეგისტრირება შეიძლება. ეს არ არის რეჟიმი, რომელიც 2012 წლამდე იყო და ანტენებს დასდევდა“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner