„ეს ადამიანები არიან ბაკურიანის ცნობილი შეხვედრის მონაწილეები, ახალი „შულავერის“ კომიტეტი, „ომისა და ღალატის პარტია“, რომლისთვისაც უსამართლობა, ტელევიზიების მიტაცება და სასამართლოზე ზეწოლა მიღებული პრაქტიკაა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ყველამ ძალიან კარგად იცის, რა მოვლენები ვითარდებოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გარშემო გასული წლების განმავლობაში. ტელეკომპანია ჯერ კანონიერ მფლობელს წაართვეს, შემდეგ კი, როცა მიხვდნენ, რომ სასამართლო მას უსათუოდ კანონიერ მფლობელს დაუბრუნებდა, გაძარცვეს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, კანონიერ მფლობელს გაძარცვული უკან „მიუგდეს“. ეს არის ფაქტი, რომლის სამართლებრივი წესით დადასტურება მხოლოდ მათთვის შეიძლება იყოს მიუღებელი, ვისაც ამ საქმის მიმართ მანკიერი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი აქვს.
ეს ადამიანები არიან ბაკურიანის ცნობილი შეხვედრის მონაწილეები, ახალი „შულავერის“ კომიტეტი, „ომისა და ღალატის პარტია“, რომლისთვისაც უსამართლობა, ტელევიზიების მიტაცება და სასამართლოზე ზეწოლა მიღებული პრაქტიკაა. ნაციონალური მოძრაობა, მისი სატელიტი პარტიები, მისი კუთვნილი მედიასაშუალებები, ენჯეოები და უცხოელი ლობისტები ხმაშეწყობილად მოქმედებენ სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ, რათა სამომავლოდ, პოლიტიკური წარმატების თუნდაც თეორიული შანსი შეინარჩუნონ.
ჩვენ ამ ადამიანებს ვერც სამართლის აღსრულების შეჩერების, ვერც ტელეკომპანიების ძარცვისა და ვერც სასამართლოზე ზეწოლის უფლებას ვერ მივცემთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.