რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელთან, გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბარი გამართა და განუცხადა, რომ თბილისი ნეგატიურად აფასებს 17 ივლისისთვის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს. ამის შესახებ აბაშიძემ Tass-ს განუცხადა.
„გუშინ შედგა სატელეფონო საუბარი გრიგორი კარასინთან. განვიხილეთ. ე.წ. რეფერენდუმის საკითხი. გადავეცი თბილისის ნეგატიური დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ. კარასინმა თქვა, რომ იცის ქართული მხარის ნეგატიური რეაქციის შესახებ. მან ასევე თქმა, რომ მოსკოვს ესმის თბილისის ასეთი რეაქციის და ამ მიმართულებით არანაირ ნაბიჯებს არ დგამს“, - განაცხადა აბაშიძემ.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს გაიმართება. შესაბამის ბრძანებას დეფაქტო ხელისუფლების ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა მოაწერა ხელი.
ბიბილოვი ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ალან გაგლოევთან დამარცხდა. გაგლოევის ე.წ. ინაუგურაცია 24 მაისს შედგება.