„ეს არის შურის მაძიებელი ადამიანების გაერთიანება, რომელსაც შურისძიების იქით არანაირი ინტერესი არ აქვს“, - ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, ნიკა გვარამიას საქმე გახდება თუ არა ძლიერი შემაკავშირებელი ფაქტორი ოპოზიციისთვის საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განაცხადა, რომ ბოლო დროინდელი მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორი კრიზისი არსებობს ოპოზიციაში, რომელიც პროაქტიული დღის წესრიგისგან დაცლილია.
მისი თქმით, შესაბამისად კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კრიმინალების მხარეს ქართული საზოგადოება არასდროს დადგება.
„კრიმინალები ვერასდროს მოიპოვებენ ჩვენი მოქალაქეების სოლიდარობას. რასთანაც დღეს ჩვენ გვაქვს საქმე, ეს არის უხარისხო „რიმეიკი“, რადგან არაერთგზის გვინახავს და ყოველ ჯერზე მსგავსი უხარისხო „რიმეიკები“ კიდევ და კიდევ უფრო მძიმე ფინალით სრულდება მათი ორგანიზატორებისთვის. დღესაც ასე იქნება. საზოგადოება ყოველთვის ხედავს, სად არის თვალთმაქცობა და სად - ტყუილი. ჩვენ ხშირად ვხედავთ მათგან სიძულვილის კამპანიებს, მათ შორის, არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების, არამედ საერთაშორისო პარტნიორების; საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რადგანაც მათი მხარდაჭერა ვერა და ვერ მოიპოვეს. შესაბამისად, ეს არის შურის მაძიებელი ადამიანების გაერთიანება, რომელსაც შურისძიების იქეთ არანაირი ინტერესი არ აქვს. სწორედ ამიტომაა, რომ ისინი საკუთარი ამომრჩევლის მხარდაჭერასაც ჰკარგავენ და ეს უკვე თვალსაჩინოა“, - განაცხადა იონათამიშვილმა.