„როცა კრიტიკა ხელისუფლების დისკრედიტაციას ემსახურება და ოპოზიციის არაჯანსაღი დღის წესრიგის გატარებას, ამ შემთხვებაში, ჩვენც გვაქვს უფლება, კრიტიკას კრიტიკით ვუპასუხოთ და აქ არანაირი ანტიდასავლური კამპანიის წაკითხვა არ შეიძლება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა. ამით დეპუტატი ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ოპოზიცია ცდილობს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.
„ნახეთ, NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის ფორმატზე ოპოზიციას რა რეაქცია ჰქონდა. ოპოზიციას მოლოდინის შექმნის სურვილი აქვს, რომ თუ საქართველო არ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება ხელისუფლებაზე დარტყმა და ეს იქნება მათთვის რევოლუციური სცენარის განხორციელების საშუალება. ამ ნარატივით საუბრობენ ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც. ოპოზიცია ყველა საერთაშორისო ფორმატში მუდმივად აცხადებს, რომ უნდა მოხდეს საქართველოს ან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება. ყველანაირად ცდილობენ, რამენაირად საქართველოსა და ქვეყანასთან დაკავშირებული ადამიანების დასანქცირება მოხდეს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მთელი კამპანია აწარმოეს. რაც შეეხება კრიტიკას, შეიძლება, რომელიმე დაპატიმრების გამო კრიტიკა საქართველოს მიმართ გაისმას, მაგრამ ყველა ასეთ კრიტიკოსს მოვუწოდებთ, კონკრეტული საკითხები შეისწავლონ. "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა და ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ ერთი და იმავე ადამიანები საქართველოს ხელისუფლებას მედიის შეზღუდვაში ადანაშაულებდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ კანონმა ზუსტად იმუშავა, ანალოგიური ხდება ახლაც", - განაცხადა ქადაგიშვილმა.