საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტერიალში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობას აფასებს.
ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ვიზიტი დაეთმო ევროპის საბჭოში საქართველოს საკითხების განხილვას და ასევე მინისტერიალი გამოყენებული იყო ორმხრივი შეხვედრებისთვის.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით ევროპელ კოლეგებთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი და ევროკავშირისთვის თვითშეფასების კითხვარის გადაცემის შემდგომი პროცედურები იყო.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, ევროპელი პარტნიორები აღიარებენ საქართველოს ევროპულ მისწრაფებას.
„იტალიის ქალაქ ტურინში დასრულდა ევროპის საბჭოს მინისტერიალი, რომელშიც საქართველოს სახელით მივიღე მონაწილეობა. მინისტერიალის ფარგლებში ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც გვაკავშირებს ევროპის საბჭოსთან. რეფორმების დღის წესრიგთან დაკავშირებით, ვცდილობთ, ევროპის საბჭოსთან ძალიან აქტიური დინამიკა შევინარჩუნოთ. გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე გავიარეთ ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგი და დავგეგმეთ ჩვენი მომავალი აქტიური თანამშრომლობა. მეორე მხრივ, უნდა აღვნიშნო, რომ მქონდა შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან. ათზე მეტი შეხვედრა გავმართე საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ მომავალზე და იმ მოლოდინებზე, რომელიც გვაქვს ამ პროცესიდან. პარტნიორებისგან მივიღეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება, რაც გვაძლევს იმის მოლოდინის საფუძველს, რომ საქართველოს დაუფასდება შრომა და ჩატარებული რეფორმები“, - ამბობს დარჩიაშვილი.