თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორს, გიორგი მათიაშვილს მოუსმინეს, რომელმაც კომიტეტის წევრებს თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიან გეგმაზე ინფორმაცია მიაწოდა. დახურული ფორმატის შეხვედრაზე გენერალ-მაიორმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს და თავდაცვის ძალების გაძლიერების მიმართულებებზე ისაუბრეს.
„დახურულ ფორმატში ძალიან მნიშვნელოვანი საკომიტეტო მოსმენა გავმართეთ, სადაც განხილვის მთავარ თემას საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიანი გეგმა წარმოადგენდა. კომიტეტის წევრებმა დეტალურად მოვისმინეთ ინფორმაცია იმ უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე, რომლებიც თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემდგომ ამაღლებას და გაძლიერებას, ნატოსთან თავსებადობის გაზრდას უზრუნველყოფენ, რათა საქართველოს თავდაცვის ძალები, პირველყოვლისა, წარმოადგენდეს ეფექტიან შემაკავებელ და საფრთხეებზე მორეაგირე ძალას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების განხილვაზე, როგორიც არის - ტანკსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, კონტ მობილურობის და სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარება, რაც პრიორიტეტულ მიმართულებებად არის გამოყოფილი. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სპეციალური ოპერაციების ძალების და ლოგისტიკის განვითარებაზე და ტოტალური თავდაცვის მიდგომების იმპლემენტაციის საკითხებსაც შევეხეთ. საუბრის ერთ-ერთ თემა თავდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებები წარმოადგენდა. კერძოდ, ნატოსთან თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობის პრაქტიკული ასპექტების მიმდინარეობა, თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. საქართველოს ღირსეული და ძალიან მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მქონე თავდაცვის ძალები ჰყავს, რომლის ნატოსთან თავსებადობის ხარისხი, ყველაზე მაღალია ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის, ბრიგადის გენერლის, ირაკლი ჭიჭინაძის განცხადებით, თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიანი სამოქმედო გეგმის განხილვისას ყურადღება თავდაცვის ძალების დოკუმენტზე გამახვილდა, რომელიც 2021 წელს დამტკიცდა.
„დოკუმენტში საუბარია თუ რა კუთხით უნდა განვითარდეს თავდაცვის ძალები რათა უპასუხოს იმ გამოწვევებსა და საფრთხეებს, რის წინაშეც იმყოფება დღეს საქართველო. სხდომაზე დეპუტატები ამ პრიორიტეტებით და გეგმებით დაინტერესდნენ, რომლებზეც ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ“, - აღნიშნა ბრიგადის გენერალმა.