„მოვისმინეთ ოპოზიციის გამოსვლები, რამაც მძიმე შთაბეჭდილება დატოვა - რეალობისგან გათიშული, არაკომპეტენტური, აგრესიული. ვერ მოვისმინეთ ვერაფერი, რაც ქვეყანას დაეხმარებოდა. გამოსვლების უმრავლესობა საერთოდ აცდენილი იყო დებატების შინაარსს. ცხადია, რომ ოპოზიციას მხოლოდ ერთი რამ აერთიანებს - მთავრობის მიმართ სიძულვილი. სიძულვილი ყველანაირად ვნებს საქმეს, რადგან არ შეუძლია რამე სიახლის შექმნა, მით უმეტეს კეთილი საქმის გაკეთება, მით უმეტეს ქვეყნის სამსახური“, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა საპარლამენტო დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ცხადია, რომ ოპოზიციას არ შეუძლია ახლის შექმნა, მაგრამ დღევანდელმა დებატებმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ოპოზიციას არც თავშეკავება შეუძლია, რომ ქვეყანა არ დააზიანოს. დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კრიტიკა ოპოზიციის ერთ-ერთი ამოცანაა. მაგრამ ერთია კრიტიკა და მეორეა მავნებლობა. დღევანდელი ოპოზიციის მთავარი მავნებლობაა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის სიძულვილით სავსეები ისე გადახვედით ქვეყნის დაზიანებაზე, რომ ზღვარი ვერც შენიშნეთ და ახლაც მთელი მონდომებით აგრძელებთ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ სვლას.
თქვენი რადიკალური და მტრული რიტორიკის პარალელურად, საინტერესო რამ გამოიკვეთა: ყველასთვის ცხადია, რომ უკვე აღარც ცდილობთ ხელისუფლებაში დაბრუნებას. თქვენი ამოცანა მხოლოდ არსებულის დაზიანებაა. ერთის მხრივ, კარგია, რომ რეალობას თვალი გაუსწორეთ. მეორეს მხრივ, თქვენი მომდევნო ნაბიჯები უნდა იყოს შეცდომების აღიარება, ბოდიშის მოხდა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების შეწყვეტა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ სვლის უარყოფა.
ქართველებს ყოველთვის გვიჭირდა ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება - ეროვნული ერთიანობა. სამწუხაროდ, ამ ისტორიულ პარადოქსს უკვე შევეგუეთ, მაგრამ რაც თქვენ გააკეთეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენი მძიმე ისტორიული წარსულის ფონზეც კი გამოირჩევა.
ჯერ იყო და საუკუნეში ერთხელ რომ ხდება, ისეთი პანდემიის პირობებში, საბოტაჟის გზით, ფაქტობრივად, აჯანყება წამოიწყეთ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და სცადეთ ისედაც მძიმე ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო დაგემძიმებინათ. მერე იყო და ევროპაში ათწლეულების განმავლობაში არნახული რუსული სამხედრო აგრესიის ფონზე სცადეთ საკუთარი ქვეყანა აგრესორის ლუკმად გექციათ და ცეცხლი, ნგრევა და განადგურება საქართველოში გადმოგეტანათ. ხალხმა საკადრისი პასუხი გაგცათ, როგორც არჩევნებში, ისე ქუჩაშიც.
დღეს მესამე და ძალიან რთული გამოწვევა დადგა ჩვენი ქვეყნის წინაშე - მოდის ისტორიული მომენტი, რომ საქართველო აღიარონ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად. ჩვენ ამ მიზნისთვის ვემზადებოდით და 2020 წლის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ამ ისტორიული ამოცანის დასახვით გაიმარჯვა - რომ 2024 წელს საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეეტანა.
ისტორიულმა მოვლენებმა ეს პროცესი ორი წლით დააჩქარა. ჩვენი ხელისუფლების მიერ კარგად გააზრებული, მომზადებული და თანმიმდევრულად დაგეგმილი ნაბიჯები, დოკუმენტები, არგუმენტები და დიპლომატიური სვლები ამ ურთულეს დროში სწორად გათვლილი აღმოჩნდა. ის, რაც ორიოდე წლის წინ უტოპიად ითვლებოდა, თითქოს ხელის გაწვდენაზეა. გაგახსენებთ, რომ 2009-2012 წლებში, როდესაც აღმოსავლეთის პარტნიორობის ევროპული პროგრამა დაიწყო, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება ჩასვეს იგივე ჯგუფში, სადაც იყვნენ იანუკოვიჩის უკრაინა, ვორონინის მოლდოვა, სარქისიანის სომხეთი და სხვები. დღეს საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის უპირობო ლიდერია“, - აცხადებს ხელაშვილი.
მისივე თქმით, დღეს არის დრო, როდესაც მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს და ერთი ხმით მიმართოს დასავლეთს - ჩვენ მზად ვართ და ვიმსახურებთ, ვიყოთ ევროპული ქვეყანა.
„რას ვხედავთ ამის სანაცვლოდ? ოპოზიციის რიტორიკა, მათი ტელევიზიების საინფორმაციო ბადე, უცხოეთში გახშირებული ვიზიტების ტექსტები, ყველა ჟესტი და მიმიკა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო გამოჩნდეს რაც შეიძლება გათიშული, ჩამორჩენილი, დაბოღმილი, უუნარო და წაგებული. დღევანდელი გამოსვლების უმრავლესობამ ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენა.
მაშინ როდესაც პრეზიდენტი, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდი, პრემიერი და მინისტრები ყველაფერს აკეთებენ, დასავლეთს უჩვენონ საქართველოს საუკეთესო მხარე, ოპოზიციიდან მხოლოდ ბოღმა, შუღლი და დაპირისპირება მოედინება - ქვეყნის შიგნითაც და საზღვარგარეთაც.
დღევანდელი დებატები ამის კიდევ ერთი ცხადი დადასტურება გამოდგა. ყალბი ემოციები, ყვირილით გამოსვლები, მწარე სიტყვები და სხვა არაფერი, არაფერი, რაც სასარგებლო იქნებოდა ქვეყნისთვის.
ბოლო ათ წელიწადში საქართველომ ბევრს მიაღწია. ყოველ ჯერზე, როდესაც ევროკავშირთან ან ნატო-სთან ახალ მიჯნაზე ვდგებოდით, ოპოზიცია ან წყევლით გვაცილებდა, ან საბოტაჟით, მაგრამ მისაღწევს მაინც ვაღწევდით.
იმედი მაქვს, ხელისუფლება და საქართველო ამჯერადაც გაიმარჯვებს. თქვენ კი დღეს კიდევ ერთ შანსი დაკარგეთ, რომ დაგვიანებით მაინც ჩამდგარიყავით ქვეყნის სამსახურში“, - განაცხადა ხელაშვილმა.