ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მედიასაშუალებებით გახდა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის პირველი აგვისტოს საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად, პოლიტიკურ გაერთიანება „ცენტრისტებს" მოცემული მდგომარეობით არ ჰყავს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი.
„ნიშანდობლივია, რომ პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის მიზნებისთვის, ცესკო-ს არ ევალება, შეისწავლოს პარტიის ხელმძღვანელ პირთა არჩევისა და უფლებამოსილების კანონიერების საკითხი. აღნიშნული სხვა შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა. აქედან გამომდინარე, პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხზე ცესკო-ს ქმედებასთან დაკავშირებული შენიშვნები უსაფუძვლოა და არ ემყარება კომპეტენტურ მოსაზრებებს. იმისათვის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარემ, ახლად დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, იმსჯელოს „ცენტრისტების" საარჩევნო რეგისტრაციის საკითხზე, საჯარო რეესტრის მიერ ცესკო-ში დროულად უნდა იქნას წარმოდგენილი შესაბამისი გადაწყვეტილება", - ნათქვამია განცხადებაში.