საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაკარგულ სამხედროებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათვქამია, რომ ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
„გონიოს ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში, შავი ზღვის სანაპიროზე ამ დრომდე მიმდინარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი, საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად, ახორციელებენ.
საქმის გარემოებების დადგენის მიზნით შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა.
სამძებრო ღონისძიებები პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი თავდაცვის მინისტრს. საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე, აშშ-ის მთავრობამ დაავალა აშშ-ის ევროპულ სარდლობას, რომ სპეციალური დანიშნულების ძალებმა მიიღონ ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობა.
მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით.
სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია", - ნათქვამია განცხადებაში.