logo_geo
eng_logo
თბილისში ლადო ასათიანის სახელობის სკვერი გაიხსნება
- +

18 აგვისტო. 2016. 10:46


თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში, კრწანისის ქუჩაზე არსებულ უსახელო სკვერს, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, ცნობილი ქართველი პოეტის ლადო ასათიანის სახელი მიენიჭება. სკვერს რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში ჩაუტარდება. ასევე, იგეგმება ლადო ასათიანის ბიუსტის დადგმა.


როგორც კრწანისის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, წინა ხელისუფლების დროს გაცემული სამშენებლო ნებართვის გამო, სკვერის ნაწილს, კერძოდ, მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ ფერდობს განადგურება ემუქრებოდა. კრწანისის რაიონის გამგებლის გიორგი კოპალეიშვილისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის ძალისხმევით კი, დედაქალაქის მთავრობამ ადგილმონაცვლეობის გადაწყვეტილება მიიღო და ფერდობის სანაცვლოდ დეველოპერს სხვა ტერიტორია შესთავაზა. ფერდობზე კი ახალი წიწვოვანი ხე-მცენარეები დარგეს.


„კრწანისის გამგეობა სკვერის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობს, რომელშიც, ასევე, გათვალისწინებული იქნება სკვერში ლადო ასათიანის ბიუსტის დადგმა", - აცხადებენ გამგეობაში.


თბილისში ლადო ასათიანის სახელობის სკვერის დაარსებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე იმსჯელეს და საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს. კომისიის სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის სათათბიროს წევრები, ასევე, თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და მისი მოადგილე მაკა ნასრაშვილი ესწრებოდნენ. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე უძღვებოდა.


პოეტი ლადო ასათიანი ქუთაისში, პედაგოგების ოჯახში დაიბადა. საშუალო განათლება მშობლიურ სოფელ ბარდნალაში. წარმატებით დაამთავრა ცაგერის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და გახდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი, სადაც გაიცნო და დაუმეგობრდა პოეტ გიორგი ნაფეტვარიძეს. მისი პირველი ლექსი „თებერვლის დილა", 1936 წელს ქუთაისის გაზეთ „სტალინელში" დაიბეჭდა. 1939 წელს, ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს.


1940-1941 წლებში, ლადო ასათიანმა გამომცემლობა „ფედერაციას" გამოსაცემად ჩააბარა ლექსების პირველი კრებული „წინაპრები". წიგნი 1943 წელს გამოსცეს და პოეტს 10 საავტორო ეგზემპლარი გაუგზავნეს, დანარჩენი კი გაანადგურეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების მქონე წიგნი.


ლადო ასათიანი 1943 წლის ივლისში გარდაიცვალა და ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. 1968 წლის 24 აპრილს პოეტის ნეშტი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.


1

 

2

3

4

6

7

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner