იურიდიული ფირმა „ემქეიდი“ 2022 წლის 25 ივლისს „რადიო თავისუფლების“ მიერ შვეიცარიული საგამოძიებო ჯგუფის, „ტამედიას” ჟურნალისტ ბერნარდ ოდენალთან ჩაწერილ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც ოდენალი ამბობს, რომ შვეიცარიული მედიის უყურადღებობაზე საუბარი სრული აბსურდია.
„ემქეიდი“ ჟურნალისტ ბერნარდ ოდენალის პასუხს აქვეყნებს იმ კითხვაზე პასუხად, რომელიც შეიცავდა ციტირებებს იურიდიული ფირმის „ემქეიდი“-ს 18 ივლისის პრესრელიზიდან.
ჟურნალისტი „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რას ეყრდნობა ქართული ფირმის პრეტენზიები.
„არ მგონია, რომ შვეიცარიულმა მედიამ, ყოველ შემთხვევაში იმ გამოცემებმა, რომლებთანაც მე ვთანამშრომლობ, მართლაც მიიღეს რაიმე პრესრელიზი ქართული მხარისგან. თანაც ეს არც დასჭირდებოდათ, რადგან ივანიშვილს და მის გუნდს ერთობ ცნობილი შვეიცარიელი ლობისტი ჰყავთ დაქირავებული - შვეიცარიის ყოფილი ელჩი გერმანიაში, თომას ბორერი. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ბორერი მიაწოდებდა მსგავს ინფორმაციას შვეიცარიულ მედიას. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ასეთი ინფორმაციისათვის იგნორირება არ გაგვიკეთებია. ასე რომ, არ მესმის, რას ეყრდნობა ქართული ფირმის პრეტენზიები“, - ამბობს ბერნარდ ოდენალი ინტერვიუში.
იურიდიულ ფირმა „ემქეიდი“-ში ადასტურებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად სარგებლობს ბორერის მომსახურებით.
„ემქეიდი“-ში განმარტავენ, რომ ბერნარდ ოდენალი ცდება, როდესაც ამბობს, რომ შვეიცარიული მედიის მიერ არ მომხდარა მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის იგნორირება.
„ვადასტურებთ, რომ კლიენტი ნამდვილად სარგებლობს ბატონი ბორერის მომსახურებით, რომელმაც მართლაც დაამყარა კომუნიკაცია არაერთ შვეიცარიულ გამომცემლობასთან, ტელევიზიასთან თუ რადიოსთან.
სამწუხაროდ, ბატონი ოდენალი ცდება, როდესაც აცხადებს, რომ შვეიცარიული მედიის მიერ არ მომხდარა ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის იგნორირება. აღნიშნულს ადასტურებს ვრცელი მიმოწერები სხვადასხვა მედია ჯგუფის წარმომადგენლებთან. მიუხედავად მჭიდრო კომუნიკაციისა, დღემდე არ გამოქვეყნებულა არცერთი სტატია და არ მომზადებულა არცერთი სიუჟეტი იმ გარემოებათა ირგვლივ, რაზეც ჩვენგან კეთდებოდა აქცენტი. ინტერესის არსებობის შემთხვევაში, მზად ვართ, ბატონ ოდენალს მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია, რათა მან თავად შეძლოს საკითხის ობიექტურად განსჯა. მეტიც, მზად ვართ ავუხსნათ საკითხის მნიშვნელობა შვეიცარიული საბანკო სისტემისა და სახელმწიფოსთვის და ვითანამშრომლოთ მასთან, თუკი თავად გადაწყვეტს საკითხის გაშუქებას“, - აცხადებენ „ემქეიდი“-ში.