გიორგი ლორია არ იყო „ანორთოსისის“ განაცხადში, რომელმაც კვიპროსის ჩემპიონატში უმნიშვნელოვანესი მატჩი მოქმედ ჩემპიონთან, ლიმასოლის „აელთან“ გასვლაზე მოიგო 0:1.
საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარი მეკარეა მას შემდეგ, რაც გუნდში თემურ ქეცბაიამ მიიწვია. გამოცდილ კიპერს კარგი თამაშის გამო წელს კონტრაქტი ორი წლით გაუხანგრძლივეს. თუმცა გიორგი „აელთან“ განაცხადშიც ვერ მოხვდა. მართალია, ბოლოს რამდენიმე მატჩში გიორგი ფამაგუსტას გუნდში დამაჯერებელი ვერ იყო, მაგრამ ლორიას ენდობიან კლუბშიც და ნაკრებშიც და ის მოედანზე სულ სხვა მიზეზით არ გასულა.
„როგორც გავიგეთ, ტრავმის პრობლემა აქვს გიორგი ლორიას და „აელთან“ შეხვედრა ამის გამო გამოტოვა“, – ინფორმაციას ბერძნული გამოცემა „კერკიდა“ ავრცელებს.
ქართველმა მეკარემ დისკომფორტი იგრძნო, მატჩამდე ვარჯიში ვერ მოახერხა და თამაში ამიტომ გამოტოვა. მისი ადგილი კარში ანდრეას კერავნოსმა დაიკავა, რომელმაც ჩემპიონატში წელს პირველად ითამაშა და თანაც ყოფილ გუნდთან.
„აელთან“ მოგებით „ანორთოსისმა“ 17 ქულა დააგროვა და 12 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე დაწინაურდა.