logo_geo
eng_logo
„რომას“ ყოფილი ნახევარმცველი: არ მეგონა, კვარაცხელია იტალიაში პირველივე წელს ასე თუ ითამაშებდა
- +

21 იანვარი. 2023. 16:42

 

 

იტალიის ჩემპიონატში ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებულ სტარტზე საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ომარ თეთრაძემ ისაუბრა.  „საბურთალოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი საქართველოში გაზრდილი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც იტალიის სერია „ა“-ში („რომაში“) ითამაშა. მისი თქმით, კარგი სტარტი ქართველი თავდამსხმელის პოტენციალზე მეტყველებს. თეთრაძე მოახლოებულ 21-წლამდელთა ჩემპიონატსაც შეეხო.

 

„სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, რომ ხვიჩა პირველივე წელს ასე კარგად თუ ითამაშებდა და განვითარდებოდა. ნიჭიერი ფეხბურთელია, სწრაფია და რაც მთავარია, დიდი ხანია, ასეთი დრიბლიორი არ მინახავს. რუსეთში ვუყურებდი და ერთი პრობლემა ჰქონდა – დრიბლინგს საკუთარი საჯარიმოდან იწყებდა. რაც დიდი მინუსი იყო.

 

„ნაპოლიში“ ამას აღარ აკეთებს. იქ უკვე ჩარჩოში ჩაჯდა. სპალეტიმ იმუშავა და თავად ხვიჩაც ნიჭიერია და ყველაფერს ითვისებს. დიახ, სხვა ნაკლიც აქვს, მაგრამ ახლა ის სხვა ფეხბურთს თამაშობს, დიდი ნახტომი გააკეთა და ასე თუ გააგრძელა, დიდი ქართველი ფეხბურთელების რიგში დადგება.

 

მისი დიდი პლუსია, რომ უბურთოდ თამაში შეუძლია და ზურგსუკან იხსნება. სხვათა შორის, ბურთს რომ იღებს, 2-3 კაცი სულ მის გვერდით ჩნდება, რაც „ნაპოლისთვის“ დიდი შესაძლებლობაა. ადრე ასეთ ვითარებაში პასით თუ არ თამაშობდა, ახლა ესეც ისწავლა და მერე ბურთს ისევ თავისუფალ ზონაში ითხოვს.

 

წელს საქართველოში ევრო 2023 ტარდება, სადაც ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებიც ითამაშებს. ჩვენთან ამ გუნდის მცველი ივა გელაშვილი და კიდევ რამდენიმე კანდიდატი თამაშობს. ყველა ამ ჩემპიონატს ელოდება. 21 წლის ანუ უკვე კაცები არიან და უკვე დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშონ. თავს თუ გამოიჩენენ, უცხოელები დაინტერესდებიან. ვიცი, რომ ყველაზე მეტად იმაზე ფიქრობენ, რომ ქართველი გულშემატკივარი გაახარონ“, – ამბობს ომარ თეთრაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner