კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ ქართული მინერალური წყლების პოპულარიზაციის მიზნით ჩატარებული არაერთი ღონისძიების შედეგად, შესაძლებელი გახდა კორეის რესპუბლიკაში „ბორჯომის" იმპორტის განხორციელება. 2016 წლის მარტში IDS Borjomi Georgia-სა და კორეულ სავაჭრო კომპანია „ANK Service Co"-ს შორის გაფორმდა. შეთანხმება კორეის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხსენებული კომპანიისათვის ქართული მინერალური წყლის დისტრიბუციისა და რეალიზაციის ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე. 2016 წლის ივნისში კორეაში იმპორტირებულ იქნა „ბორჯომის" პირველი პარტია. პროდუქცია წარმოდგენილია 0.5 ლ შუშის ბოთლებით, რომელთა სარეალიზაციო ფასი დაახლოებით 6 აშშ დოლარი იქნება. გარდა ამისა, პროდუქციის შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კომპანია „ANK Service Co" მოლაპარაკებებს აწარმოებს ასევე რამდენიმე მსხვილ სავაჭრო ქსელთან.
მიმდინარე წლის 29 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე, კომპანია „ANK Service Co"-ს დირექტორთა საბჭოს წევრმა, ბ-ნმა ჩინმა, საელჩოს მიაწოდა ინფორმაცია კორეაში „ბორჯომის" შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით 2016 წლის სექტემბრის ბოლოს მომზადდება საინფორმაციო ბროშურები კორეულ და ინგლისურ ენებზე.
შეხვედრის დასასრულს, ბ-ნმა ჩინმა მადლობა გადაუხადა საელჩოს გაწეული საქმიანობისათვის და გამოხატა სურვილი „ბორჯომის" დისტრიბუციისა და რეალიზაციის პროცესში საელჩოსთან თანამშრომლობის შესახებ.