„მოვუწოდებ იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასოდეს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე მიმართონ მუნიციპალიტეტს და აიღონ ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პირველ აპრილს ვეღარ მიიღებენ უვადო ნებართვებს“, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„საზოგადოებამ უკვე იცის, რომ 20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება.
პირველ აპრილს ერთჯერადად დარიგდება უვადო ნებართვები, რომლის გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თვითონ შეძლებენ ნებართვის მფლობელები და თბილისის მერია ნებართვებს მეტად აღარ გასცემს.
ვინაიდან ნებართვის გაცემის შესაძლებლობა ამით ამოიწურება, წინა მთავრობის სხდომაზეც ვთქვი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასოდეს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე მიმართონ მუნიციპალიტეტს და აიღონ ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პირველ აპრილს ვეღარ მიიღებენ უვადო ნებართვებს“, - აცხადებს კალაძე.