საქართველო ბოლო მინიმუმ 2 წლის განმავლობაში არის მასირებული პროპაგანდისტული ტალღის პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„გაყალბებული არჩევნები - ჩვენ დრო დაგვჭირდა რომ ყველასთვის აგვეხსნა, თუ როგორ სიყალბე იყო ჩადენილი ამ არჩევნებთან დაკავშირებით, როგორ იყო ამაში ჩართული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. უკრაინის სოლიდარობის საკითხი - დაგვჭირდა პერიოდი რომ აგვეხსნა - იცით რა, თქვენგან განსხვავებით, ჩვენს ნატოს უსაფრთხოების ქოლგა არ გვაქვს, თქვენგან განსხვავებით ჩვენ ევროკავშირის ფინანსური სოლიდარობის ქოლგა არ გვიცავს. იგივე „დროას“ დავუბრუნდები - ამ ფულით რომელსაც ელენე ხოშტარია იღებს ჩუმად და ფარულად, მინიმუმ 10 ბრიფინგი აქვს ჩატარებული, სადაც ადანაშაულებს საქართველოს სახელმწიფოს სანქციებისთვის გვერდის ავლაში. ეს ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან პაპუაშვილი გამოეხმაურა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვრივალობის საკითხი ისედაც გამჭვირვალეა.
„რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხომ ამბობენ რომ ყველაფერი გამჭვირვალეა - გამოიყენონ ეს პერიოდი, როდესაც ვენეციის კომისიიდან დასკვნა იქნება მოლოდინში, თავად აიღონ ვალდებულება, თავად გაასაჯაროონ საკუთარი ფინანსები. არაფერი არ არის საჯარო, არაფერია გამჭვირვალე ამ სექტორში ისე, როგორც უნდა იყოს, აიღონ ვალდებულება თუ არაფერი აქვთ დასამალი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.