"2012 წელს ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს ის დრო, როდესაც ხორციელდებოდა უხეში ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში და ამის დაბრუნებას ჩვენ ვერ დავუშვებთ, ვისი ხელითაც არ უნდა მოხდეს ეს," - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ 4 ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესების საკითხზე საუბრისას.
„ამ თემასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს გვერდზე დევს კითხვა-პასუხი და ერთ-ერთი კითხვა ასეთია - გაუზიარებთ თუ არა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებს დანაშაულთან დაკავშირებით ინფორმაციას და პირდაპირ წერია, რომ არ გაუზიარებენ, ანუ, იციან რომ დანაშაული ჩადენილია, (აბა კორუფცია რა არის, დანაშაულში ბრალდებაა პირდაპირ} და პირდაპირ წერენ, რომ არ გაუზიარებენ. პასუხის შინაარსია, რომ საკუთარი ინფორმაციის მიხედვით უნდა აწარმოოთ გამოძიებაო. ეს არის მართლმსაჯულების პოლიტიზების ძალიან უხეში მცდელობა და ეს პირველი მცდელობა არ არის. ეს კატეგორიულად მიუღებელია. 2012 წელს ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს ის დრო, როდესაც ხორციელდებოდა უხეში ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში და ამის დაბრუნებას ჩვენ ვერ დავუშვებთ, ვისი ხელითაც არ უნდა მოხდეს ეს. მითუმეტეს ვერ დავუშვებთ „ნაცმოძრაობის“ ხელით სასამართლოს სისტემის მართვას“, - განაცხადა კობახიძემ.