ჩვენ „ნაცმოძრაობას“ სასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საშუალებას ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივცემთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა სისხლიანი სასამართლო სისტემა, რომელსაც შეეწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უამრავი ადამიანის კეთილდღეობა.
„ჩვენ ერთგულება დავუდასტურეთ სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, ეს არის კონსტიტუციური პრინციპი. ჩვენ ერთგულება დავუდასტურეთ ყველა კეთილსინდისიერ მოსამართლეს, რომელთა მონაწილეობითაც ფუნდამენტურად შეიცვალა საქართველოში სასამართლო სისტემა 2012 წლიდან მოყოლებული. ეს იყო ჩვენთვის ამოსავალი წერტილი. სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც გაჟღერდა პარლამენტის სხდომაზე. ჩვენ „ნაცმოძრაობას“ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივცემთ სასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საშუალებას. ამის არც მორალური უფლება აქვთ მათ და არც არანაირი. ზოგადად, მათ რომ ჰქონდეთ რამე მორალური პრინციპი ამ საკითხს არც დააყენებდნენ. თავის დროზე მათ შექმნეს სისხლიანი სასამართლო სისტემა, რომელსაც შეეწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უამრავი ადამიანის კეთილდღეობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.