პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს შეიქმნება და მას სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს. პრემიერის მხრიდან ჯაჭვლიანის დასახელებას შპს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აკეთებს კომენტარს.
„საზოგადოებამ კარგად იცის, ბოლო 10-12 წლის განმავლობაში როგორ აქტიურად ვიყავი ჩართული პოლიტიკურ ბატალიებში. საპროტესტო აქციები, დარბევები, ციხე, შიმშილობა - ყველაფერმა ჩემს თავზე გადაიარა. ამის მერე ბრძოლაში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დამიძახა და მასთან ერთად, როგორც ჯარისკაცმა, სანუკვარ მიზანს - დანაშაულებრივი ნაცრეჟიმის დამარცხებას მივაღწიე. ყოველივე ამის შემდეგ ჩემთვის ნამდვილად არ არის ადვილი, პოლიტიკას მოვწყდე და სრულიად სხვა სფეროში გადავინაცვლო, მაგრამ პრემიერ-მინისტრისგან ისეთი მნიშვნელოვანი შემოთავაზება მივიღე, ბევრი ყოყმანის გარეშე დავთანხმდი.
თუმცა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ სახელმწიფო შპს-ის ხელმძღვანელად ჩემს დასახელებას ამხელა აჟიოტაჟი მოჰყვებოდა და ვიღაც-ვიღაცები ამხელა ბოღმას გადმოანთხევდნენ.
ვერ გავიგე, რა უნდათ? ჩემს რაიონში, ჩემს მშობლიურ სოფელში მივდივარ და ამასაც მიშლიან? თბილისში არაო, პარლამენტში არაო, ხელოვნებაში არაო და მულახშიც არ წახვიდეო! აბა, სად წავიდე, გამაგებინეთ?" - აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი.