logo_geo
eng_logo
იოსებ არჩვაძე: ფასების სტაბილურობა ეკონომიკის საკმაოდ მაღალი დინამიზმის ფონზე მიღწეულია ხელისუფლების თანმიმდევრული და რაციონალური ნაბიჯების საფუძველზე
- +

3 მაისი. 2023. 13:56

 

 

„სამომხმარებლო ფასების საერთო დონე 2023 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.7 პუნქტით“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმაურება, რომლის თანახმად საქართველოში სურსათი და სასმელები გაიაფდა.

 

ექსპერტის შეფასებით, სურსათსა და სასმელებზე ფასების შემცირება ეკონომიური ზრდისა და ლარის კურსის საგრძნობი გამყარებით არის განპირობებული:

 

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 5 თვის მანძილზე (2202 წლის დეკემბრიდან) საქართველოში უკვე მეოთხე თვეა დეფლაციური, აღნიშნული მაჩვენებლის დინამიკა წინა პერიოდის ანალოგიური მაჩვენებლებისაგან მაინც რიგი თავისებურებებით გამოირჩევა, რომელთაგან განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს:

 

ა) წინა პერიოდთან შედარებით (როგორც წინა თვესთან, ისე წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით), ფასების ასეთი პოზიტიური ცვლილება საქართველოში პირველად დაფიქსირდა ბოლო 28 თვის მანძილზე (2020 წლის დეკემბრის შემდეგ);

 

ბ) ინფლაციის წლიური ტემპი 2023 წლის აპრილში ჯერადად (- 4.7-ჯერ!) ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (ინფლაცია 2022 წ. აპრილში - 12.8%);

 

გ) წლიური ინფლაციის მაჩვენებელი აპრილში (2.7%) ბოლო წლების მანძილზე პირველად ჩამოსცდა ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს;

 

დ) 12 თვის საშუალო ინფლაცია წინა 12 თვის საშუალოსთან, პირველად ბოლო 16 თვის მანძილზე, ჩამოსცდა ორნიშნა მაჩვენებელს და 9.6 პროცენტი შეადგინა (გასული წლის აპრილში - 12.2%);

 

ე) სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე 2020 წლის აგვისტოს შემდეგ -პირველად ბოლო 33 თვის მანძილზე (!) - დაფიქსირდა ფასების შემცირება წინა თვესთან შედარებით (-2.1%).

 

ინფლაციური წნეხის, სამომხმარებლო ბაზარზე და მოსახლეობის მსყიდველობით უნარიანობასა და განწყობებზე ფასების მატების ასეთი შემცირება განპირობებულია ეკონომიური ზრდისა და ეროვნული ვალუტის კურსის საგრძნობი გამყარებით.

 

ფასების სტაბილურობა, ეკონომიკის საკმაოდ მაღალი დინამიზმის ფონზე, უზრუნველყოფს მოსახლეობის კეთილდღეობის, სტაბილურობისა და პოზიტიური განწყობის საგრძნობ ზრდას. ყოველივე ეს მიღწეულია საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების თანმიმდევრული, მიზანმიმართული საქმიანობით ეკონომიკური რეფორმების, ბიზნესის მხარდაჭერისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის მასტიმულირებელი ღონისძიებების და გარე ნეგატიური ფაქტორების ნეიტრალიზაციისათვის გადადგმული თანმიმდევრული და რაციონალური ნაბიჯების საფუძველზე“, - წერს იოსებ არჩვაძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner